მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარუმატებლობის ფონზე, Boeing-ის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

დეივ კალჰუნი

საავიაციო ინდუსტრიის გიგანტის, Boeing-ის გენერალური დირექტორი დეივ კალჰუნი თანამდებობას ტოვებს. მისი გადადგომა პირდაპირ კავშირშია კომპანიის ბოლოდროინდელ წარუმატებლობასთან და Boeing-ის რეპუტაციის შებღალვასთან. როგორც ცნობილია, კალჰუნი CEO-ს პოსტიდან 2024 წლის ბოლოს გადადგება, რის შემდეგაც კომპანიაში სრული რესტრუქტურიზაცია დაიწყება.

წლის დასაწყისიდან დღემდე Boeing-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 24%-ითაა შემცირებული, რაც კომპანიის შიგნით შექმნილ არამდგრად და არაჯანსაღ გარემოს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში, Alaska Airlines-ის ერთ-ერთი რეისის დროს Boeing-ის თვითმფრინავს კარი მოსძვრა, ინვესტორები ამერიკული კომპანიის ხარისხის კონტროლზე ალაპარაკდნენ.

აშშ-ის ავიაციის ფედერალური სააგენტოს ოფიციალური აუდიტის შედეგებით, Boeing-ის ხარისხის კონტროლი მიუღებელია, ხოლო თავად კომპანიამ კონკრეტული პროდუქტების მიმართულებით ჩატარებული აუდიტების 37%-ში ჩავარდა. საერთო ჯამში, FAA-მ Boeing-ის პროდუქტის შეუსაბამობის 97 შემთხვევა დააფიქსირა, რაც წარმოუდგენელი შედეგია, მით უფრო საავიაციო ინდუსტრიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი ინდუსტრიაა პლანეტაზე.

თუმცა საქმე ისაა, რომ Boeing-ი კომერციული თვითმფრინავების მსოფლიოს ორი უდიდესი კომპანიიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, ანუ პრობლემები, რომლებიც ამერიკული კომპანიას აქვს, გავლენას გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაზეც ახდენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავიაკომპანიები ახალ თვითმფრინავებს, რამდენიმე წლით ადრე უკვეთენ და მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემები, თითქმის ყოველთვის, ავიაპარკის განახლების პრობლემას ქმნის, რის გამოც კომპანიები იძულებულები ხდებიან, რეისების რაოდენობა შეამცირონ, რაც რეისებს აძვირებს.

თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ Airbus-მა, რომელიც Boeing-ის მთავარი კონკურენტია, ამ დროისთვის იმდენი შეკვეთა მიიღო, რომელთა შესასრულებლად მომდევნო ექვსი წელი დასჭირდება. საინტერესოა, რომ Airbus-მა Boeing-ის დაღმასვლით იხეირა, რადგან წლის დასაწყისიდან, ევროპული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 21%-ითაა მომატებული და ახლა, Airbus-ის ღირებულება $135 მილიარდ დოლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები