„ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება – მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები,“ – ასე გამოეხმაურა "ოცნების" არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სუს-ის მიერ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას.
მისი შეფასებით, როცა ბიუჯეტი იზრდება და ქვეყანაში მეტი დოვლათი იქმნება, კორუფციის რისკები თავისთავად ჩნდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებები რეაგირებენ.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი 3-ჯერ ან 4-ჯერ იზრდება, ამის პარალელურად იზრდება პასუხისმგებლობა და აუცილებელია, რომ ყველა უწყება – მათ შორის, თავდაცვის სამინისტრო, შსს და უსაფრთხოების სამსახურები – აქტიურად იყონ ჩართული პრობლემების გამოვლენასა და დაძლევაში.
„როცა საერთო სიკეთეებზე და ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, თავისთავად ყველა ინსტიტუციას თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა აქვს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შესაძლებლობები, რომელიც თითოეულ ინსტიტუციას გააჩნია, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურები, თუ შსს, რომელსაც პირდაპირი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ნარკორეალიზატორებზე - ყველას ვალდებულება აქვს.
სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენი ამბიციაა, მოვხვდეთ მსოფლიოს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები“, - განაცხადა ყაველაშვილმა
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ახლო ნათესავი ვ. მ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სამინისტროს სამედიცინო დანადგარების შესყიდვის პროცესში დანაშაულებრივი სქემა განახორციელეს, რის შედეგადაც ბიუჯეტს 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























