საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. სწორედ ამ ფასებზე დაყრდნობით შეძლებენ შემსყიდველი ორგანიზაციები დაგეგმონ ბიუჯეტები და გამოაცხადონ შესაბამისი ტენდერები.
კერძო სექტორში მთავრობის ინიციატივას იწონებენ და ამბობენ, რომ აქამდე არსებული პრაქტიკით ფასების ცხრილს ყოველ კვარტალურად ერთადერთი ეკონომიკური აგენტი აქვეყნებდა.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავად ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიის შემუშავებაში ბიზნესი ჩართული იქნება და ეს არ მოხდება კერძო სექტორთან კონსულტაციის გარეშე.
“აქამდე არსებობდა პრაქტიკა, რომ საპროექტო ორგანიზაციები ფასთა კრებულს იყენებდნენ, რომელსაც ერთ-ერთი ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა და თავისი ინიციატივით ყოველ კვარტალურად აქვეყნებდა ხოლმე. საპროექტო ორგანიზაციები ამ ფასებს როგორც რეფერენსს მარტივად იყენებდნენ. ეს სავალდებულო, ნებაყოფლობითი იყო.
ამის გარდა არსებობს სხვა მეთოდიც, იმის თუ როგორ შეიძლება განსაზღვრო წინასწარი საპროექტო ღირებულება, მათ შორის ჩაატარო ბაზრის კვლევა, მოიძიო გარკვეულ მასალებზე ინფორმაცია. თუმცა ეს ფასთა კრებული წარმოადგენდა იმ საშუალებას, რომ ხარჯთაღმრიცხველებისთვის საქმე უფრო მარტივი ყოფილიყო. ასევე სახელმწიფო, განსაკუთრებით ექსპერტიზის ბიუროც, ამ ფასთა კრებულს გარკვეულწილად როგორც რეფერენსს იყენებდა .
სახელმწიფო შარშან მიხვდა, რომ თუ რეალურად არ მოხდა წინასწარი საბიუჯეტო პროექტის ხარჯის იდენტიფიცირება და განსაზღვრა, ეს მერე ბევრ პრობლემაში ტრანსფორმირდება. სახელმწიფოს მიზანი გახდა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს საწყისი ბიუჯეტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა”, - ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი.
ირაკლი გიორგობიანი ყურადღებას ამახვილებს ფასების განახლების სიხშირესა და მეთოდოლოგიაზე. მისი თქმით, დღევანდელ ინფლაციურ გარემოში ფასების წელიწადში მხოლოდ ერთხელ გადახედვა საკმარისი არ არის.
“ფასების წელიწადში ერთხელ განახლება არ ვიცი რამდენად სწორია, მით უმეტეს ისეთ ცვალებად დროში ვცხოვრობთ, სადაც ინფლაციური ფაქტორი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ვფიქრობ, რომ თუ წელიწადში ერთხელ განახლდება ფასები, მაშინ მისი ინდექსირება უნდა აკეთო ცალსახად. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში კითხვა იმაში მდგომარეობს, ვინ განახორციელებს ამის განახლებას და რა ფორმა მიეცემა ინსტიტუციურად ამ ფასთა კრებულს თუ ფასების კვლევებს. ფაქტობრივად ეს კვლევითი სამუშაოა. ეს უნდა ჩაატაროს კვლევების და ინფორმაციის მოძიების და მისი ანალიტიკის ხარჯზე და არა ის, რომ პირობითად ექსპერტიზის ბიურომ თქვას, რომ დღეს ეს მასალა ღირს 20 ლარი. ფასს ის ვერ დაადგენს. რეალურად ეს არის მოკვლევის პროცესი”, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი.




























