თბილისში, ჭიჭინაძეს ქუჩაზე მდებარე ბუტიკ-სასტუმრო "შოთა რუსთაველში" აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ნომრების საშუალო დღიური ფასი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, თუმცა მაისში დატვირთვა მცირედით შემცირდა.
როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ განაცხადა, წლის პირველი ნახევარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი ისრაელთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა გაართულა, რადგან სასტუმროს სტუმრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ისრაელიდან ჰყავს.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, აპრილის ბოლოდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად გააქტიურდა და კომპანიამ დასახული გეგმების შესრულება შეძლო.
„მოთხოვნა შესაძლოა ისეთი არ იყო, როგორიც შარშან, თუმცა ჩვენი გეგმების შესრულება ნამდვილად არ გაგვჭირვებია. მაისში დატვირთვის კოეფიციენტი შარშანდელზე ოდნავ დაბალი გვქონდა, თუმცა ეს, ჩემი შეფასებით, უფრო იმან განაპირობა, რომ წელს სასტუმროს უფრო მაღალ ფასში ვყიდდით.
ნომრების ღირებულება, საუზმით, საშუალოდ 300-450 ლარის ფარგლებში მერყეობს. შარშანდელთან შედარებით წელს დაახლოებით 10%-ით უფრო მაღალი ფასებით მოვახერხეთ ოთახების გაყიდვა“, - აღნიშნა სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა.
მისი თქმით, აგვისტოსა და სექტემბერზე მოთხოვნა მაღალია და ორივე თვეზე ნომრების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. „სექტემბერი ტრადიციულად ძალიან აქტიური პერიოდია თბილისში და წელსაც იგივე დინამიკას ვხედავთ,“ - ამბობს ჩუბინიძე.




























