მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს 1000 ტონა ხილს ჩავიბარებთ” - “ჩიკორი” აშშ-ში ექსპორტისთვის ემზადება

ჩიკორი

ჩირის კომპანია “ჩიკორი” მიმდინარე წელს 1000 ტონა ხილის ჩაბარებასა და გადამუშავებას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“გასულ წელს დაახლოებით 700 ტონა ხილი გადავამუშავეთ, წელს ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, ამ ნედლეულს ადგილობრივი  ფერმერებისგან ვიბარებთ; წლების განმავლობაში მათთან პარტნიორობის გაღრმავებას ვცდილობთ და უკვე გვყავს ფერმერები ,რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობთ, ვცდილობთ მათ გავუზიაროთ ჩირისათვის საჭირო ხილის სპეციფიკაცია , რადგან ნედლეულის ხარისხი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სტანდარტების შესაბამისი საბოლოო პროდუქტის მისაღებად”, - დასძინა მან.

ამასთან, კომპანიის დირექტორმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ჩიკორი” რებრენდინგს გეგმავს, ასევე იგეგმება წარმადობის გაზრდა, ახალი ასორტიმენტის დამატება და აშშ-ში ექსპორტზე გასვლა.

“გვექნება განახლებული დიზაინისა და ხარისხის შეფუთვები; რაც კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს და უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქტის ხარისხსა და სანდოობას. ვგეგმავთ ახალი ხაზის გამოშვებას: ჯანსაღი ხემსი, რომელსაც ექნება დაბალანსებული ნუტრიენტების შემადგენლობა,  ჩირისა და თხილეულის მიქსების სახით. აღნიშნული პროდუქტი იდეალური იქნება წასახემსებლად, მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება, ამასთან, ვგეგმავთ წარმადობისა და გაყიდვების გაზრდას როგორც არსებულ ბაზარზე, ისე საექსპორტო ბაზრებზეც,  გავიარეთ FDA რეგისტრაცია და აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზე გასვლისთვის”, - აღნიშნა ბეჟანიშვილმა.

გარდა ამისა, ანანო ბეჟანიშვილმა გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული ქსელური მაღაზიების მოთხოვნილი მარკეტინგული ხარჯები მნიშვნელოვნად აზარალებს ქართულ წარმოებას.

“ძალიან დიდი გამოწვევაა ადგილობრივ ბაზარზე ქსელურ მაღაზიებში გაზრდილი შესვლის, განთავსების, ახალი მაღაზიების გახსნის ღირებულებები, ასევე მათგან მოთხოვნილი მარკეტინგული ხარჯები მნიშვნელოვნად აზარალებს ქართულ წარმოებებს, იძულებულს გვხდიან, რომ გავზარდოთ ფასები  რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის, რომ კონკურენცია გავუწიოთ იმპორტულ პროდუქტს”, - თქვა მან.

ცნობისთვის: ქარელის ხილი „ჩიკორი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, რომელსაც ქარელში, სოფელ სამწევრისში 25 ჰა-ზე გაშენებული შავი ქლიავის ბაღი და ჩირის გადამმუშავებელი საწარმო აქვს. ბრენდის ქვეშ დასაქმებულია 70-მდე ადამიანი. ბრენდის პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროპის ქვეყნებში, კერძოდ: საფრანგეთში, ლიტვაში, ლატვიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში. “ჩიკორის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია “კარფურის”, “გუდვილის”, “აგროჰაბის”, “სპარის”, “ნიკორას”, “იოლის”, “ევროპროდუქტის”, და სხვა მაღაზიათა ქსელებში და უბნის მარკეტებში, კომპანიას აქვს ონლაინ მაღაზიაც, სადაც პროდუქციის საოჯახო შეფუთვების შეძენაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები