სანელებლების, ჯემებისა და კონსერვირებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ოჯახურის“ გაყიდვები 7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა "ქალების ნარატივში" კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე ნეფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, 7%-იანი ზრდა მიმდინარე წლის 9 თვის გაყიდვებს უკავშირდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
„წელი იყო წარმატებული და ნაყოფიერი. განსაკუთრებით აქტიური პერიოდი წინ გველოდება - ახალი წელი, რომლისთვისაც უკვე გაორმაგებული ტემპით ვემზადებით. თუ ტემპი შენარჩუნდა, ველოდებით, რომ წლის ბოლოს ზრდა დაახლოებით 15%-ს მიაღწევს”, - აღნიშნა ნეფარიძემ და დასძინა, რომ კარგი შედეგები მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანი შეთავაზებამ განაპირობა.
მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ, კომპანიამ წელს ახალი სადისტრიბუციო და ლოგისტიკური ჰაბი ქუთაისში გახსნა, რომელიც სრულად ამარაგებს დასავლეთ საქართველოს რეგიონს.
„ვცდილობთ, რომ მიწოდების ჯაჭვი არ შეფერხდეს. ქუთაისის ობიექტი უკვე უზრუნველყოფს დასავლეთ საქართველოს მომარაგებას, თუმცა სამომავლოდ, ანალოგიური ჰაბის შექმნას აღმოსავლეთ საქართველოშიც ვგეგმავთ“, - აღნიშნა ნეფარიძემ.
ცნობისთვის, „ოჯახური“-ს ასორტიმენტში დაახლოებით 90 დასახელების სუნელ-სანელებელია, კომპანიის მეორე მიმართულება - ჯემები, კომპოტები და მარინადები მეტწილად ექსპორტზეა ორიენტირებული. თუმცა, კომპანია შიდა ბაზარზე ამ ხაზის გაფართოებაზე მუშაობს.
გამოწვევებზე საუბრისას, სალომე ნეფარიძე აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში, კომპანიას პროდუქციის 12%-ით გაძვირება მოუწიათ, რაც კლიმატური პირობების გავლენით გამოწვეულმა ნედლეულის დეფიციტმა განაპირობა.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა, რაც განსაკუთრებით სუნელების წარმოებაზე აისახება. მაგალითად, ყვითელი ყვავილი მუდმივად დეფიციტურია. ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია, ამიტომ ვცდილობთ, მხოლოდ ისეთი მომწოდებლებისგან მივიღოთ ნედლეული, რომლებიც სტანდარტებს აკმაყოფილებენ – როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან“, – განმარტა "ოჯახურის" წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ფასების ზრდა მომხმარებელთა ქცევაზე არ ასახულა.




























