მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, 2 თვეში ჩაის ექსპორტი 20%-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 17%-მდე შემცირდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

ჩაი

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ჩაის ექსპორტი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 297 ტონა ჩაი, რომლის საერთო ღირებულებამ 673 ათასი დოლარი შეადგინა.

შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობა 275 ტონა იყო, ხოლო მიღებული შემოსავალი – 563 ათასი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩაის ექსპორტი ღირებულებაში 19.5%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობაში, დაახლოებით 8%-ით.

ქვეყნების მიხედვით, ქართული ჩაის ძირითადი საექსპორტო ბაზარი წელს (იანვარი;თებერვალი) თურქეთი იყო, სადაც ექსპორტმა 257 ათასი დოლარი და 60 ტონა შეადგინა. მნიშვნელოვანი წილი უკავია მონღოლეთს, სადაც საქართველოდან 126 ტონა ჩაი გავიდა, 103 ათასი დოლარის ღირებულებით. ასევე, ჩაის ექსპორტი განხორციელდა უზბეკეთში – 85 ათასი დოლარის (6 ტონა), სომხეთში – 73 ათასი დოლარის (25 ტონა) და თურქმენეთში – 29 ათასი დოლარის (21 ტონა) მოცულობით.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, გასულ წელს საქართველომ 1 790 ტონა ჩაი გაყიდა, საიდანაც $3.9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც 2024 წელს ექსპორტირებული ჩაის მოცულობა 1 689 ტონას შეადგენდა, ხოლო ღირებულება $2.8 მლნ-ს. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით დგინდებოდა, რომ 2025 წელს ჩაის ექსპორტი 2024 წელთან შედარებით 37.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით 6%-მდე.

გაზრდილი ექსპორტის პარალელურად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ჩაის იმპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 317 ტონა ჩაი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 1.5 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 457 ტონა იყო, ხოლო ღირებულება – 1.8 მილიონი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩაის იმპორტი ღირებულებაში 16.6%-ით, ხოლო მოცულობაში 30.6%-ით შემცირდა.

ქვეყნების მიხედვით, ჩაის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო – 506 ათასი დოლარის ღირებულების 70 ტონა ჩაი. შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც იმპორტმა 414 ათასი დოლარი და 54 ტონა შეადგინა. ასევე, ჩაის იმპორტი განხორციელდა შრი-ლანკადან – 222 ათასი დოლარის (40 ტონა), პოლონეთიდან – 159 ათასი დოლარის (9 ტონა) და თურქეთიდან – 78 ათასი დოლარის (133 ტონა) მოცულობით.

წლიური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველომ $11.4 მლნ-ის ღირებულების 2 899 ტონა ჩაი შეიძინა. შედარებისთვის 2024 წელს, ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2 197 ტონა ჩაი შემოვიდა, რაშიც საქართველომ $9.4 მლნ გადაიხადა. ეს კი ნიშნავს, იმას, რომ გასულ წელს, საქართველოს ჩაის იმპორტი 21.4%-ით გაეზარდა, ხოლო მოცულობით 31.9%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები