საქსტატმა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ექსპლოატაციაში შევიდა 2.15 მილიონი მ²-ის ფართობის ახალი უძრავი ქონება. წინა წელთან შედარებით, ეს ფართობი 11%-ით არის გაზრდილი. უშუალოდ დასრულებული ობიექტების რაოდენობა კი 2,235 იყო, რაც წლიურად 21%-ით არის მომატებული. შესაბამისად, ექსპლოატაციაში შესული ერთი ობიექტის საშუალო ფართობი 961 კვადრატული მეტრია.
“ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.4 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.4 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
რაც შეეხება გაცემულ ნებართვებს, ამავე პერიოდში 8,169 ნებართვა გაიცა, რომელთა საერთო ფართობიც 6.36 მილიონი კვადრატული მეტრია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცემული ნებართვების ფართობი 18%-ით არის გაზრდილი.
“ნებართვების 73.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.6 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 9.4 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.6 პროცენტი იმერეთის რეგიონზე,”- წერს საქსტატი.