2025 წელს დაგეგმილია 5,000 ჰექტრამდე ფართობის საძოვრის იჯარით გაცემა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 89 მიწის ნაკვეთზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 9395 ჰექტარს. პირდაპირი წესით კი იჯარით გაიცა 72 მიწის ნაკვეთი, ფართობით 6 516 ჰა, ხოლო აუქციონის წესით 17 მიწის ნაკვეთი ფართობით 2 879 ჰა.
აუქციონის გზით იჯარით გაცემულ საძოვრებზე ჯამურმა წლიურმა საიჯარო თანხამ შეადგინა 402 103 ლარი (საშუალოდ ჰექტარზე - 140 ლარი), ხოლო პირდაპირი გზით გაცემულ საძოვრებზე - ჯამურად 79 625 ლარი.
რაც შეეხება საძოვრის კატეგორიის ახალი მიწის ნაკვეთებს, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წელს იდენტიფიცირდა პროგრამის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი 204 საძოვრის კატეგორიის ახალი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 13 326 ჰექტარი, საიდანაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული იქნა თანხმობა 57 ნაკვეთის იჯარით გაცემაზე, ფართობით 4 648 ჰექტარი.
საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში 16 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა საძოვრის კატეგორია, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 2 680 ჰექტარს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან სახელმწიფო საძოვრების რაციონალური გამოყენების პროგრამას ახორციელებს.
„2021-2024 წლებში 12 ეტაპად ჩატარდა განაცხადების მიღება. პროგრამაში ჩართვის მსურველი ფერმერებისთვის მთავარი მოთხოვნა მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ფლობაა, საძოვრის იჯარით განკარგვის უფლება კი მხოლოდ ზღვრული დატვირთვის ნორმის მიხედვით არის შესაძლებელი, რაც ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის შეადგენს არანაკლებ 1-ს და არაუმეტეს 1.5 ჰექტარს, ხოლო ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2-ს და არაუმეტეს 0.5 ჰა საძოვარს“, - წერია ანგარიშში.