მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს 75%-იანი დატვირთვა გვქონდა - "მტევინო"

მტევინო

კომპანია „მტევინო ჰორეკას“ დირექტორის, ქეთი ხვედელიძის განცხადებით, 2025 წელი ტურისტული მიმართულებით წარმატებული აღმოჩნდა და ობიექტის წლიურმა დატვირთვამ 75% შეადგინა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა. მისი განმარტებით, მაღალი დატვირთვა განპირობებული იყო ინფრასტრუქტურის გაფართოებით.

"წლევანდელი წელი ტურისტული მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დაგვემატა ახალი სივრცეები. ავაშენეთ აუზი, რომელმაც სეზონის განმავლობაში ძალიან კარგად იმუშავა და წლის ჭრილში 75%-იანი დატვირთვა გვქონდა", - აცხადებს ქეთი ხვედელიძე.

მისი თქმით, კომპანიის სტუმრები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბაზრებიდან იყვნენ: "გვყავდა როგორც ქართველი სტუმრები, ასევე უცხოელები - ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის ავსტრიიდან და გაერთიანებული სამეფოდან", - ამბობს „მტევინო ჰორეკას“ დირექტორი.

2025 წელს კომპანიამ განთავსების ინფრასტრუქტურა გააფართოვა და ობიექტს ორი ახალი კოტეჯი დაემატა. „ამ ეტაპზე, უკვე 9 ნომერი გვაქვს და უახლოეს ორ თვეში კიდევ 4 ნომერი დაგვემატება. შედეგად, მომავალ წლამდე ჯამში გვექნება 10 კოტეჯი და 5 ძირითადი ნომერი“, - აღნიშნავს ხვედელიძე.

მისი ინფორმაციით, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა შემოდგომის სეზონზეც. როდესაც „მტევინო ჰორეკამ“ ღვინის დეგუსტაციები, მასტერკლასები და ექსკურსიები ჩაატარა, რამაც ობიექტის დამატებით დატვირთვასა და ტურისტულ მიმზიდველობას შეუწყო ხელი.

ქეთი ხვედელიძის ინფორმაციით, 2025 წელს ობიექტის განვითარებაში ჯამში დაახლოებით 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, პარალელურად კი ფასები დაახლოებით 20%-ით დაკორექტირდა. "პარასკევი - შაბათს განთავსების ღირებულება ორადგილიან ნომერში საუზმით 210 ლარია, ხოლო კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით - 180 ლარი", - ამბობს ის.

რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს, „მტევინო ჰორეკა“ ინფრასტრუქტურის განვითარებას და კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. დაგეგმილია ბავშვთა გასართობი სივრცის, ასევე პადელის მოედნის მოწყობა. კომპანიის შეფასებით, მომავალი წელი განვითარების თვალსაზრისით კიდევ უფრო აქტიური იქნება, თუმცა ზუსტი საინვესტიციო მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, სასტუმრო საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში, მდებარეობს და ასევე ღვინის საწარმოს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები