საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება. როგორც მან პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებისას განაცხადა, ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის "ოცნების" პრიორიტეტია ქვეყნის დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება.
„პირველ რიგში შევეხები ავტომაგისტრალებს, რომლებიც შენდება მათ შორის წელს 8 თებერვალს წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად. უკანასკნელი 4,5 თვის განმავლობაში გაიხსნა მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთები. რიკოთზე უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი; აპრილში გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი გზა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი; დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, უკვე გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი. ასევე, გაიჭრა კობი-ქვეშეთის უნიკალური გვირაბი, რომელიც აპრილში გაიხსნა. ეს არის 9-კილომეტრიანი, ყველაზე გრძელი გვირაბი. საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი დღემდე იყო რიკოთის გვირაბი, რომლის სიგრძე 2 კმ-ზე ნაკლებია. ახლა, პირველად საქართველოში გაიჭრა 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია თავისი შინაარსით. პრაქტიკულად განახევრდება მგზავრობის მანძილი ყაზბეგამდე, რასაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სხვა მონაკვეთებზეც არის მნიშვნელოვანი პროგრესი. ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზა, მთლიანობაში გზის მონაკვეთი 16,6 კმ-ია. აქედან ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კმ-ზე. სრულდება უკვე შესაბამისი სამუშაოები გზის მთლიან მონაკვეთზე. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად. ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაკვეთზე, საფარი უკვე მოწყობილია 36 კმ-ზე. მოწყობის სამუშაოები გრძელდება 14 კმ-ზე.
წელს შესრულდება დაპირება, რომელიც გაცემულია საზოგადოების წინაშე და მთლიანობაში წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში შეასრულა. ხედავთ, რამხელა ცვლილებაა წინა ხელისუფლების და ახალი ხელისუფლების ეფექტიანობას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე მთავრობა წარადგენს ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ავტომაგისტრალების შემდგომ განვითარებასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.