მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ბათუმში 751 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

ბათუმი ბინები

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში 3 902 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 17%-იანი, ხოლო კვარტალურად 1.1%-იანი კლებაა. ამასთან, კლება დაფიქსირდა როგორც პირველად (-16.5% წ/წ), ისე მეორად ბაზრებზე (-17.8% წ/წ).

2023 წლის III კვარტალში გაყიდვები შემცირდა ბათუმის თითქმის ყველა უბანში, ახალი
ბულვარისა (+10.3% წ/წ) და გონიო-კვარიათის (+10.6% წ/წ) გარდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ასახავს უძრავი ქონების დეველოპმენტის გადასვლას ბათუმის გარეუბნებსა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, ახალი ბულვარის ტერიტორია ლიდერობს მიმდინარე დეველოპერული პროექტების რაოდენობით. ამჟამად, ბათუმში მიმდინარე 189 სამშენებლო პროექტიდან 75 (მთლიანის 39.7%) მდებარეობს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რაც მომავალში გაზრდის ბინების რაოდენობას ამ უბანში.

2023 წლის მე-3 კვარტალში მცირე (26-50 მ2) და საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინების გაყიდვებმა
მთლიანი გაყიდვების 90.5% შეადგინა.

ასევე, გრძელდება გაყიდვებში პრემიუმ სეგმენტის ბინების წილის ზრდა და ბიუჯეტური/საშუალო
სეგმენტის ბინების წილის შემცირება. ეს ცვლილება ძირითადად იხსნება ფასების ზრდით.
მაგალითად, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მთლიანი გაყიდვების 34.9% დაფიქსირდა მაღალი
(1,201-1,800 აშშ დოლარი) და პრემიუმ-კლასის (1,801-3,000 აშშ დოლარი) სეგმენტებში, როდესაც
2022 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 23.3% იყო.

2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში ბინების საშუალო ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა პირველად ბაზარზე (+19% წ/წ), რასაც მოსდევს მეორადი ბაზარი (+12% წ/წ ახალ და +8.5% წ/წ
ძველ პროექტებში). ამასთან, წლიურად ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა გონიო-კვარიათში (+45% წ/წ).

2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში სულ 245.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა,
ხოლო 2023 წლის 9 თვეში ბაზრის ზომამ 750.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (-7% წ/წ და +14.2% წ/წ, შესაბამისად). Galt & Taggart-ის მოლოდინით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 2023 წელს 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები