2023 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "გეზრული ჩაის“ ექსპორტი 70%-მდე გაიზარდა. როგორც კომპანიის დირექტორმა თორნიკე შეყილაძემ Bm.ge-სთან განაცხადა, პროდუქცია საფრანგეთის, ჩეხეთის და ჩინეთის ბაზრებზე გადის.
მისივე თქმით, ექსპორტის ზრდა ჩაის შესახებ ცნობადობის გაზრდამ განაპირობა.
„ჩაის სეზონი ისევ მიმდინარეობს - წელს უკვე 450 კილომდე ჩაი ვაწარმოეთ. დავამატეთ ველური ჩაი, პლანტაციური ჩაი, თეთრი, შავი და მოცვის ჩაი - ყველა ჩაი ბიოლოგიურად სუფთაა და უმაღლესი ხარისხის.
ჩვენ სასპორტო ბაზრებზე ვართ ორიენტირებული და ადგილობრივ ბაზარზე ძალიან უმნიშვნელო რაოდენობა გადის. გასულ წელთან შედარებით წარმოება გაიზარდა, რის საფუძველზეც ექსპორტი 70%-ით გავზარდეთ.
სასპორტო ბაზრებზე ჩაიზე მოთხოვნის ზრდა, ქართულ ჩაიზე ცნობადობის გაზრდამ და კონკრეტულ „გეზრულ ჩაიზე“ მეტმა ინფორმირებულობამ გამოიწვია“, - განაცხადა მან.
თორნიკე შეყილაძეის თქმით, კომპანია სეზონზე 40 000 ლარამდე ჩაის რეალიზაციას ახდენს, თუმცა მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში გაცილებით ბევრი პროდუქციის რეალიზაციის რესურსი აქვთ.
რაც შეეხება გამოწვევებს, იგი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ქართული ჩაის ნაკლები ცნობადობაა. მისი მოსაზრებით აღნიშნულ საკითხში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და ფერმერებს ცნობადობის გაზრდაში დაეხმაროს. ამასთან, "გეზრული ჩაის" დირექტორი ამბობს, რომ ფერმერებს საშუალება უნდა მიეცეთ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტი გაიტანონ.
„ქვეყანაში დაბალი ხარისხის ჩაი შემოდის, რამაც ჩაის იმიჯი დააზიანა და ადამიანების უმეტესობამ ქვეყანაში არ იცის ჩაის როგორი გემო უნდა ჰქონდეს- შემოტანილმა დაბალი ხარისხის მცენარეებმა ეს გემოვნური თვისებები ჩაახშო. თუ ქართულ ჩაის საშუალება მიეცემა ქართულ ბაზაზე შევიდეს და ყველა მაღაზიებში გაიყიდოს, ვფიქრობ, საქართველოში ჩაის მოხმარება გაიზრდება.
მეც მქონდა მცდელობა რამდენიმე მაღაზიაში შემეტანა ჩაი მაგრამ წინააღმდეგი არიან. ჩვენი ქსელებში შესვლა არაკომერციულია,“- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ წარმოება იმერეთის რაიონის სოფელ გეზრულში მიმდინარეობს.