საკონდიტრო ბრენდი „ჩიზქეიქერი“ 2026 წელს პროდუქციის ხაზის გაფართოებას გეგმავს, – ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ვეკო დოდაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.
დოდაშვილის თქმით, წლევანდელი გეგმები ორი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: პირველი – ახალი, საერთაშორისო საკონდიტრო ტრენდების შესაბამისად, ტრენდული პროდუქტების დამატება; მეორე – ნიშური პროდუქციის შექმნა, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს მომხმარებლების ფართო ჯგუფში.
"ასორტიმენტის გაფართოებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გვაქვს სამი საორიენტაციო პროდუქტი, რომლებიც სააღდგომო სეზონის შემდეგ ვაპირებთ ბაზარზე შეთავაზებას. კორპორატიული მიმართულებითაც ყოველწლიურად ვიზრდებით და გვსურს მომსახურების გაფართოება", - განმარტავს დოდაშვილი, თუმცა ამ ეტაპზე მეტ დეტალზე საუბრისგან თავს იკავებს.
რაც შეეხება ფასებს, დოდაშვილის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში პროდუქციის ღირებულება მხოლოდ მინიმალურად შეიცვალა, რის შედეგადაც მომხმარებლებისთვის ცვლილება პრაქტიკულად შეუმჩნეველია. „ფასების კორექტირება უმეტესად ძალიან მცირეა. ჩვენი სტრატეგია მოიცავს დაბალ მოგების მარჟას და ბიზნესის სტაბილური ზრდას, რათა პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს“, – ამბობს დოდაშვილი.




























