2025 წლის 9 თვე მიკროსაფინანსო სექტორმა მოგებიანობის ზრდით დაასრულა. ბაზარზე წარმოდგენილმა 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჯამურმა მოგებამ 9 თვის შედეგებით, 109 მლნ-ს გადააჭარბა, რაც წლიურად 10%-იანი ზრდაა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ შემთხვევაში სამი კვარტალის მონაცემებით საკრედიტო პორტფელის ზრდა ფიქსირდება.
როგორც “ევროკრედიტში” BMG-ის განუცხადეს, წლიურად კომპანიის საკრედიტო პორტფელი 20%-ითაა გაზრდილი, რაც მათ შორის ბიზნესსესხების მიმართულებით გააქტიურებასაც უკავშირდება.
კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ ბაზარზე ფიქსირდება ტენდენცია, როდესაც რამდენიმე მიკროსაფინანსომ ბიზნეს მიმართულების პორტფელი გაყიდა, შესაბამისად, სექტორში გამსხვილებები შეინიშნება.
“ჩვენს შემთხვევაში დაახლოებით 20%-იანი ზრდაა პირველი იანვრიდან დღემდე, ანუ მესამე კვარტალის მდგომარეობით, საკრედიტო პორტფელში 20%-იანი ზრდა გვაქვს. ამავდროულად, ჩვენ ვზრდით აქტიურობას ბიზნესსესხების მიმართულებით და გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ ბიზნესსესხების წილი მნიშვნელოვნად გავზარდოთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ დრომდე სამომხმარებლო და ავტოსესხების წილი არის წამყვანი და უჭირავს დღევანდელი მდგომარეობითაც დიდი წილი ჩვენს პორტფელში.
თუმცა უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოხდება, რაშიც გარკვეული პორტფელის შეძენაც იგულისხმება. რამდენიმე კომპანია შეიძლება გავიდეს კონკრეტულად ბიზნესსესხების ბაზრიდან და შეიძლება რითეილში დარჩეს მხოლოდ. აქედან გამომდინარე, სხვა კომპანიებს მიეცემათ უფრო სწრაფი ზრდის შესაძლებლობა არა მხოლოდ პირდაპირი გაყიდვების გზით, არამედ პორტფელების ყიდვით და ამ გზით გამსხვილებით”, - განაცხადა ირაკლი წურწუმიამ, "ევროკრედიტის" აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილემ.
ცნობისთვის, წინა წელთან შედარებით შეცვლილია მისოების ბაზრის შემადგენლობა. ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - "კრისტალი" და "ემბისი", რომლებიც მცირე მეწარმეების დაფინანსებაზე იყვნენ ფოკუსირებული 2025 წლიდან მიკრობანკის სტატუსით საქმიანობენ, ხოლო მისო-ების ბაზარზე უმეტესწილად სალომბარდე საქმიანობით დაკავებული ოპერატორები დარჩნენ.
ამ სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი გასულ წელს არსებული 2 მილიარდი ლარიდან 2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, 1.77 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც სწორედ ორი მისოს მიკრობანკად გარდაქმნას უკავშირდება.



























