რაჭული ლორის მწარმოებელმა კომპანიამ „ლორუკა“ საწარმო ევროსტანდარტების მიხედვით გადააიარაღა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ ლებანიძემ BM.GE-სთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გადაიარაღების პროცესი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 130 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, Mercy Corps-ისა და UNDP - ის გრანტები მოიპოვა. ინვესტიციის ნაწილი კი საკუთარი რესურსებით უზრუნველყო.
„საწარმო გადავაიარაღეთ. სრულად აღვჭურვეთ ევროსტანდარტებით, რაც საერთაშორისო ბაზრების მხრიდან არის მოთხოვნა. ამასთან, როგორც იცით, კვამლი კანცეროგენს შეიცავს. ჩვენ კი სპეციალური აპარატიც შევიძინეთ, რომელიც კვამლს გაფილტრავს და მავნე ნივთიერებებს პროდუქტამდე არ მიუშვებს. საბოლოო ჯამში, მთლიანი ჩვენი რესურსი წარმოების დახვეწაში ჩაიდო, რათა ახალი სეზონიდან უფრო დახვეწილად, ყველა სტანდარტის დაცვით დავიწყოთ წარმოება. გადაიარაღებაში ჯამში 1 წლის განმავლობაში 130 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. საწარმოო პოტენციალი 10 ტონაა, თუმცა ამჟამად მხოლოდ 2 ტონას ვაწარმოებთ. ახალი სეზონიდან კი, წარმოების 20-30%-იან ზრდას ვგეგმავთ“,- აცხადებს ლებანიძე.
მისივე განმარტებით, წარმოების ზრდა, გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ამჟამად, ოთხი სახის სუთს (სალა) აწარმოებენ, ასევე ლორს და სნექს. პროდუქციის რეალიზაცია კი როგორც ონლაინ, ასევე რესტორნებსა და სხვადასხვა გამოფენებზე ხდება, რომელშიც კომპანია აქტიურად მონაწილეობს.
„ჩვენ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით, რესტორნებისა და ბარების მხრიდან. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ვართ მოქნილები და შეგვიძლია მომხმარებელს გემოვნების მიხედვით პროდუქტი დავუმზადოთ. თუ როგორი სისქის, სიმშრალის ან შებოლვის სჭირდებათ.
ორი სახის სალას ვაწარმოებდით, თუმცა ცოტა ხნის წინ კიდევ ორი სახეობა დავამატეთ და ჯამში უკვე ოთხი სახის სალას ვაწარმოებთ. ამჟამად, კიდევ ერთი სახეობა იტესტება და შესაძლებელია სალას წარმოება 5 სახეობამდე გავზარდოთ. ამასთან, ახალი სეზონიდან, სატესტო რეჟიმში ვგეგმავთ ინოვაციური პროდუქტის, კერძოდ ლორის პაშტეტის დამზადებას.
ახალი პროდუქტების განვითარების კუთხით, ტექნოლოგიური ცვლილება ჩავატარეთ ლუდის ჩხირების წარმოებაში. ჩვენთვის სპეციალურად დამზადებული საშრობი საშუალებას გვაძლევს, რომ ლუდზე მისაყოლებელი ჩხირები ინფრაწითელი სხივების საშუალებით შევქმნათ, რაც გემოს და ხარისხს მეტად შეინარჩუნებს“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
აღსანიშნავია, რომ „ლორუკა“ ჯამში 2 ადამიანს ასაქმებს. თუმცა, წარმოების ზრდასთან ერთად, ახალი კადრების დამატებაც იგეგმება.
მარიამ ლებანიძის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წარმოებაში ტექნოლოგიები დანერგა, პროდუქტს კვლავ ტრადიციული რაჭული მეთოდოლოგიით ამზადებენ. 1 კილოგრამი ლორის ღირებულება 40-50 ლარია, სალას - 25 ლარი, ხოლო სნექის ღირებულება 50 ლარია. როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, „ლორუკათი“ მოხიბლულია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებელი.
ლორის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლორუკა“ 2 წლის წინ 20 ათას ლარიანი ინვესტიციით დაფუძნდა, სადაც ჯერჯერობით მუდმივად 2 ადამიანია დასაქმებული და მომხმარებლებს 4 სახეობის პროდუქციის შეძენას ონლაინ, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.