"ზარაფხანამ" მიმდინარე წელს ფასი დაახლოებით 6%-ით გაზარდა. როგორც BMG-ის “ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, კომპანიას გადაწყვეტილების მიღება გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე მოუხდა, რომელსაც სხვანაირად ვეღარ აბალანსებდა.
BMG ასევე დაინტერესდა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, რამაც ოქროს ფასი მკვეთრად გაზარდა, როგორია საიუველირო კომპანიის მოლოდინები. თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ფასების ზრდა არ იგეგმება. მისივე თქმით, ეფექტი კონფლიქტის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.
"ზოგადად, ოქროს ფასის ზრდა ხდება ხოლმე მეორე კვარტალიდან ბუნებრივი მოთხოვნის ზრდის გამო, თუმცა არასასიამოვნო ბონუსის სახით დაემატა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიო გეოპოლიტიკისთვის და განსაკუთრებით ოქროსთვის და ძვირფასი ქვებისთვის ჰაბია ეს რეგიონი - დუბაი, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ფაქტიურად ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი. ინვესტორები ამას ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალყურს. ამ ეტაპზე 200 დოლარზე მეტით გაძვირდა კონფლიქტის დაწყებიდან ერთი უნცია ოქროს ფასი.
წელს მცირედით გავაძვირეთ ის აუცილებელი პოზიციები, რომლებსაც ასე ვთქვათ ფიზიკურად ვეღარ ვაბალანსებდით და ბიზნესის გადმოსახედიდან ყველანაირ ლოგიკას სცდებოდა უკვე რომ არ გაგვეძვირებინა. საერთო ჯამში გაძვირებამ შეადგინა დაახლოებით 6%, თუმცა ამ ეტაპზე კიდევ გაძვირებისგან თავს ვიკავებთ ჯერჯერობით, რადგან რაღაც ბალანსიც აუცილებელია მოთხოვნასა და ფასებს შორის, ეს ერთი და მეორე, მომხმარებლისთვის საკმაოდ დისკომფორტია და არ გვირჩევნია მარჟა დავთმოთ, ვიდრე ერთ კვარტალში ორჯერ გავაძვიროთ სამკაული",- ამბობს კომპანიის დირექტორი.
მისივე თქმით, იანვარ-თებერვალში მოთხოვნის ზრდამ დაახლოებით 5-5% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ელის, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან მოთხოვნა წლიურად 7-8%-ით გაიზრდება.




























