მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს დიდუბის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე ₾28.6 მლნ დაიხარჯა - რა გაკეთდა?

დიდუბე

2025 წელს დიდუბის რაიონში გამგეობის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 639 213 ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია, გამგეობის 2025 წლის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის პრეზენტაციაც დღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა დავით გელოვანმა გამართა.

პრეზენტაციაზე დიდუბესა და დიღმის მასივში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის წარდგენისას აღინიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა 48 მისამართზე, სულ 26 926 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, ხოლო სანიაღვრე სისტემა 15 მისამართზე მოეწყო.

მერიის ცნობით, გამგეობამ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა 28 მოსასვენებელ სივრცეს, ხოლო დაზიანებული ინვენტარი 128 სკვერში შეცვალა. სრულად განახლდა 19 სპორტული მოედანი.

"დიღმის მასივის მე-5 კვარტალის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ, 60-მდე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური სპორტული მოედანი გაკეთდა, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი და მოწესრიგდა მოსასვენებელი სივრცეები.

საერთო ჯამში, წელს, დიდუბის რაიონში 103 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

დაირგო 1 581 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით 22 078 მოქალაქის განაცხადი დაკმაყოფილდა, მათ შორის 2 689 მოქალაქეს ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები დაუფინანსდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ შესრულდა სულ 166 პროექტი, მათ შორის, 41 მისამართზე შეიცვალა სახურავი და წყალსაწრეტი მილები, 46 ლიფტი სრულად რეაბილიტირდა და მიწისქვეშა კომუნიკაციები 36 კორპუსში მოწესრიგდა.

დელეგირებული უფლებამოსილებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა 7 საჯარო სკოლაში.

რაც შეეხება რაიონში კულტურული და სპორტული მიმართულებით სხვადასხვა სახის აქტივობას, გამგეობამ წელს 6 ღონისძიება გამართა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები