სავაჭრო ცენტრებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, რაც წინა საახალწლო პერიოდისთვის გასაკვირი სულაც არ არის, თუმცა ერთი შეხედვით ჩანს, რომ 2024 წლის შესახვედრად ადამიანები განსაკუთრებულად ემზადებიან, რასაც თითქმის ყველა მაღაზიასთან არსებული რიგებიც ადასტურებს.
გასულ წელთან შედარებით, რომ გაზრდილი აქტივობაა ამას ადასტურებენ სხვადასხვა ობიექტებიც. საახალწლო განწყობა განსაკუთრებულად იგრძნობა მაღაზია ჰოუმში, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. „ჰოუმი“ საახალწლო პროდუქციის იმპორტს იანვრიდანვე იწყებს და ეს პროცესი ივნისამდე გრძელდება. როგორც მაღაზიის დამფუძნებელი მაყვალა როგავა bm.ge-სთან ამბობს, კომპანიის ყველა ფილიალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები გაზრდილია. „ჰოუმის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გაზრდილია თითო მომხმარებელზე ჩეკის მოცულობაც, რაც გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებელი წელს არჩევანს ძვირად ღირებულ პროდუქციაზე აკეთებს.
„წინა წლებთან შედარებით ჩვენი ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი იყო, გაყიდვებიც შესაბამისად - გაიზარდა. ყველა ობიექტი კარგად ვაჭრობს, მაგრამ განსაკუთრებით ბათუმისა და "სითი მოლის" ფილიალები.
ჩვენი ასორტიმენტი, როგორც ძვირად ღირებულ პროდუქციას, ასევე შედარებით დაბალ ფასიან ნივთებს აერთიანებს. წელს შეიმჩნევა, რომ ძვირად ღირებული პროდუქცია უფრო მეტად იყიდება, ვიდრე იაფიანი. ძვირად ღირებულ პროდუქციაზე უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა შესაბამისად ჩეკის მოცულობაც მეტია. ერთი ადამიანი წელს უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე წინა წლებში, ეს გამოიწვია არა რაოდენობაში გაყიდვების ზრდამ, არამედ ძვირად ღირებული ნივთების შეძენამ“, - აღნიშნავს მაყვალა როგავა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საახალწლო პროდუქციის გაყიდვებზე ზრდა ფიქსირდება „ბიბლუსის“ მაღაზიებშიც. მსგავსად სხვა ობიექტებისა, „ბიბლუსშიც“, გაზრდილია ჩეკის მოცულობა. როგორც “ბიბლუსი ჯგუფის” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ანა ივანიშვილი ამბობს, გაყიდვების ზრდის მთავარი მიზეზი მრავალფეროვანი ასორტიმენტია.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საახალწლო პროდუქციის გაყიდვები დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი. 5-7%-მდე ჩეკის ზრდაც შეინიშნება. ეს განპირობებულია იმით, რომ კომპანიამ წელს უფრო მრავალფეროვანი საახალწლო პროდუქცია შესთავაზა მომხმარებელს“ - განმარტავს “ბიბლუსი ჯგუფის” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
ახალ წელს მრავალფეროვანი ასორტიმენტით ხვდება კომპანია „ვიშლისთიც“. კომპანია მომხმარებელს, როგორც სადღესასწაულო პროდუქციას, ასევე ბავშვების სასაჩუქრე ნივთებს სთავაზობს. საბავშვო პროდუქციის მიმართულებით სიახლეა ისიც, რომ „ვიშლისთი“ 2023 წელს „ლეგოს“ ოფიციალური პარტნიორი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ობიექტებში „ლეგოს“ პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. რაც შეეხება გაყიდვების ტენდენციას, „ვიშლისთის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფილიალებში შესამჩნევია ხალხმრავლობა გაყიდვების მაჩვენებელი კი 20%-იან ზრდას აჩვენებს.
„სექტემბრამდე დღემდე დაახლოებით 40 კონტეინერი შემოვიტანეთ, კონკრეტულად საახალწლო პროდუქციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს კომპანიის მხრიდან კოლოსალური შრომაა. რაც შეეხება ამ საახალწლო ანტურაჟს, ეს ყოველ წელს ჩვენი კონცეფციის ნაწილია“ - ამბობს „ვიშლისთის“ დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე.