CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია. ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი მოლაპარაკების გზით (რასაც წინ უსწრებდა ორი სიმძლავრის აუქციონი) კონტრაქტების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 11.2 გვტ-ია.
დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობა რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. გამარჯვებულები კომპანიები მიიღებენ ფასთაშორის (CFD) კონტრაქტს ოპერირების 15 წლის განმავლობაში. ჰიდროსადგურებისთვის CDF ტარიფი იქნება კვტ.სთზე 6.5 ცენტი 8 თვის განმავლობაში, ქარის სადგურებისთვის 6 ცენტი 9 თვე და მზის სადგურებისთვის 5.6 ცენტი სრული წლის განმავლობაში.
მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წელს წარადგინა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის ახალი სქემა - სიმძლავრის აუქციონის საფუძველზე გაცემული ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტი (CFD). აუქციონის ძირითადი პირობები ასეთია: მთავრობა პერიოდულად გამოაცხადებს აუქციონს გარკვეულ სიმძლავრეზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ინვესტორები. მონაწილეობის წინაპირობა იქნება წინასწარ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა, აუქციონში მონაწილეობის მიღების საფასური და საბანკო გარანტია.
აუქციონში გამარჯვებულები დადებენ ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას (CFD) მთავრობასთან და ესკოსთან, რომლის ხანგრძლივობაც იქნება ელექტროსადგურის ექსპლუატაციის საწყისი 15 წელი. CFD-ის ფასი არის აუქციონის პროცესში ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი - ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე სადგურები პირველ რიგში შეავსებენ გამოცხადებულ სიმძლავრეს. ფასთაშორისი სხვაობის ანაზღაურებისთვის ინვესტორებმა ელექტროენერგია უნდა გაყიდონ ორგანიზებულ ბაზრებზე (დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე), ხოლო ესკო მათ აუნაზღაურებს ნებისმიერ სხვაობას საბაზრო ფასსა და CFD კონტრაქტში დადგენილ ფასებს შორის მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურების შემთხვევაში CFD იმოქმედებს მთელი წლის განმავლობაში გაყიდულ ენერგიაზე.




























