ქართულ სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში ფოთი-კონსტანცას საბორნე ხაზზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა 100 ათას ტონას აღემატება. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის კომერციულმა დირექტორმა განუცხადა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ საქართველო-რუმინეთის ბიზნესწრეების შეხვედრას ესწრებოდა. მისი თქმით, ტვირთების დიდი ნაწილი ტრანზიტულია.
მიხეილ ბაბუნაშვილის თქმით, კომპანიის ერთი ბორანი ტექნიკურად განახლდა და მომდევნო კვირიდან E60 Shipping Line ორი ბორნით განაახლებს ოპერირებას. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ წლის მეოთხე კვარტალში გადაზიდვები კიდევ უფრო გააქტიურდება.
მიხეილ ბაბუნაშვილის განცხადებითვე, კომპანია საბორნე გადაზიდვების დაწყებას სხვა ქვეყნების მიმართულებითაც განიხილავს, თუმცა მათი ძირითადი აქცენტი რუმინეთი რჩება.
„ამ ორი წლის მანძილზე, რაც ჩვენ ოპერირება დავიწყეთ, საკმაოდ სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ და ამ შედეგებში იგულისხმება რეალურად ის, თუ რამდენი ერთეული გადავზიდეთ, რამდენად ეს ხაზი ვაქციეთ ერთ-ერთ ძირითად ხაზად შავ ზღვაზე და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან ერთ-ერთ საშუალებად, თუ როგორ შეიძლება საქართველოდან მოხვდე ევროპაში და პირიქით. რუმინეთი, რა თქმა უნდა, ამ მხრივ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ამ წლის მანძილზე 100 000 ტონაზე მეტი ტვირთი გვაქვს გადაზიდული. მეოთხე კვარტალი წინაა, სადაც საგრძნობლად მატულობს ხოლმე გადაზიდვები. ჩვენი ერთ-ერთი ბორანი ტექნიკურ განახლებაზე იმყოფებოდა და შემდეგი კვირიდან უკვე შემოუერთდება ამ ხაზს სრულად და შესაბამისად ორი ბორნით განვაგრძობთ ოპერირებას, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბევრად უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შევძლოთ უფრო მოკლე ვადებში და უფრო რეგულარულად“, - განაცხადა მიხეილ ბაბუნაშვილმა.




























