მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, გაცემული აგროდაზღვევის პოლისების რაოდენობა შემცირდა - რამდენი ლარი აუნაზღაურა ფერმერებს სახელმწიფომ?

აგროდაზღვევა ვენახი

მიმდინარე წლის ექვს თვეში აგროდაზღვევის 26 704 პოლისი გაფორმდა, მათ შორის 14 424 პოლისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული მონაცემები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, ვინაიდან გასული წლის პირველ ექვს თვეში ჯამში 69 292 პოლისი გაფორმდა, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 58 651 პოლისი.

2023 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკური მაჩვენებლები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული ზარალების ოდენობამ (ნეტო) ჯამში 86 140 ლარი შეადგინა, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდა - 25 376 ლარი. მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში ანაზღაურებული ზარალების სრული ოდენობა 258 184 ლარი იყო, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 143 631 ლარი.

რაც შეეხება დამდგარი ზარალის ოდენობას, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჯამში 2,2 მლნ ლარი იყო, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში კი 2 მლნ ლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი დამდგარი სადაზღვევო ზარალების ოდენობა 796 781 ლარი იყო, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 695 832 ლარი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 10 წლის წინ ჩაირთო. დღეის მდგომარეობით, პროგრამა პრემიის ღირებულების 70%-ს აფინანსებს. მაგალითად ვაზის შემთხვევაში დაახლოებით 850 ლარის ღირებულების პოლისიდან ფერმერს მხოლოდ 255 ლარის გადახდა უწევს. რაც შეეხება მოსავლის დაზღვევის სხვა საშუალებებს, სოფლის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ სეტყვის დამცავი სისტემების შეძენა ფერმერებს შეუძლიათ როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ისე დანერგე მომავლის პროგრამის ფარგლებში. პირველ შემთხვევაში 11%-იანი თანადაფინანსებით, ხოლო მეორე შემთხვევაში 10-20%-მდე გრანტის სახით.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში წელს ბიუჯეტში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 16 ათას 500 ჰექტარზე მეტი ფართობია დაზღვეული, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე კი უკვე ანაზღაურებულია 70 მილიონი ლარის ღირებულების ზარალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები