ატმისა და სხვა კურკოვანი ხილის ბაღების მმართველი ნიკა გეთიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა სადაზღვევო კომპანიების ინტერესებზეა მორგებული, რაც დაზღვევის მსურველ ფერმერებს სირთულეებს უქმნის. აღნიშნულ საკითხზე ფერმერმა გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.
მისი თქმით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ფერმერებისთვის მიუღებელი პირობებია. თავად ფერმერი სახელმწიფოს ჩართულობით პროგრამის გამოყენებას, ინდივიდუალური დაზღვევის სარგებლობას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა სადაზღვევო კომპანიებისგან ამ პროდუქტით ვერ სარგებლობს.
“სახელმწიფო პროგრამის შემოსვლამდე ინდივიდუალური ურთიერთობა იყო სადაზღვევო კომპანიებთან, ახლა, როდესაც ვამბობ, რომ სახელმწიფო პროგრამით აღარ მინდა დაზღვევა და მინდა ინდივიდუალური დაზღვევა, სადაზღვევო კომპანიები ამაზე უარს ამბობენ, რაც გაუგებარია. მზად ვარ გადავიხადო კომერციულად,არ მქონდეს არანაირი ბენეფიტებით სარგებლობის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ამის საშუალება კი არ მაქვს, რადგან არის შეზღუდვები, რომელსაც ვერ ვხსნი, უკვე 5 წელია, რაც ამისთვის ვიბრძვი. სახელმწიფო პროგრამაში ბევრი ორაზროვანი მუხლია, ვერ ვხვდებით, სადაზღვევო სისტემა რაზეა აგებული. ჩემი აზრით, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა მორგებულია სადაზღვევო კომპანიების ინტერესებზე, რადგან სახელმწიფო რესურსი და გადამხდელის ფული იხარჯება ტყუილად. როგორც ვიცი, სადაზღვევო სისტემა ცოტათია მორგებული ვენახებზე, თუმცა ატამზე, ვაშლატამასა და კურკოვნებზე ფუჭად გადაყრილი ფულია, ეს დაზღვევა ფერმერებზე არ არის მორგებული და ამაზე თავს დავდებ”, - განაცხადა ნიკა გეთიაშვილმა.
მისივე თქმით, აგროდაზღვევის საფასო პოლიტიკაც დღევანდელ რეალობასთან შეუსაბამობაშია.
“სადაზღვევო კომპანია ატამს აზღვევს 60 თეთრად, ატამი 60 თეთრი 5-6 წლის წინ ღირდა, დღევანდელი ფასი -/+1.50-ია. შესაბამისად, ეს დაზღვევა სუფთა ფორმალობაა, უბრალოდ მინდა, რომ როდესაც დაზღვევაში ფულს გადავიხდი, მშვიდად ვიყო და ვიცოდე, რომ ზარალი სწორად ამინაზღაურდება”, - დასძინა ნიკა გეთიაშვილმა.
ამასთან, ფერმერმა მიმდინარე წლის ატმის მოსავლიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს კახეთში მოსავალი, წინა წელთან შედარებით, ნაკლები იყო.
“ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, ზრდა იყო ახალ-ახალი ბაღების შემატების ხარჯზე, სხვა შემთხვევაში, წელს მოსავალი ნაკლები იყო, რაც დამოკიდებული იყო კლიმატზე, რამაც გარკვეული მოსავალი გააფუჭა, მაგალითად: გარგარის 80-90% გაფუჭდა, რის გამოც ექსპორტზე ვერ გავიტანეთ. ატმისა და ვაშლატამას მოსავალი წელს უფრო ხარისხიანი, თუმცა რაოდენობრივად ნაკლები იყო”, - დასძინა მან.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან ატმის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ 15 461 ტონა ახალი ატმისა და ნექტარინების რეალიზებით 16 მილიონ 852 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში გაყიდული საქონლის რაოდენობა წლიურად 7.2%-ით, ხოლო ღირებულება 9.3%-ით შემცირდა.