გიმნაზია "შავნაბადას" დამფუძნებელი, ავთანდილ აბდუშელიშვილი ამბობს, რომ საჯარო სკოლებში მასწავლებლის ანაზღაურების წესის ცვლილება კერძო სკოლებს არათანაბარ პირობებში აყენებს და მათ დასაქმებულთა ხელფასების ზრდა უწევთ, რაც ხარჯებზე, საბოლოოდ კი სწავლის გადასახადზე აისახება.
როგორც მან "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა, გიმნაზიას წელს 700 000 ლარით მოუწია ბიუჯეტის გაზრდა საოპერაციო ხარჯებისთვის.
"ახალ სასწავლო წელს დაახლოებით 700 000 ლარით მოგვიწია ბიუჯეტის გაზრდა. საოპერაციო დანახარჯს ვგულისხმობ. ეს 700 000 ლარი სადღაც ხომ უნდა მოვიტანოთ? შესაბამისად, ეს ავტომატურად აისახება უკვე მომხმარებელზე. მათთან, ვისაც დაუმთავრდათ ხელშეკრულების ვადა, მოხდა ამ ხელშეკრულების გადახედვა... ფასის გაძვირებაც, ჩვენი და სხვა სკოლების პრაქტიკაშიც, ხდება პირველკლასელების ხარჯზე, როდესაც სულ პირველად შემოდიან ისინი და კონკრეტულ საფასო ღირებულებას ვუწესებთ მათ.
შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ სკოლებს, რომლებიც განვითარებაზე ვართ ორიენტირებული, ჩვენდა უნებურად გვიწევს ფასების გაძვირება, გადახედვა, იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ კადრი და მეორე, შენარჩუნებულ კადრს სჭირდება განვითარება. ამასთან ერთად, საკმაოდ მაღალია ინფრასტრუქტურული დანახარჯები, იმიტომ, რომ შეცვლილი არის სტანდარტები... მაგალითად, ძალიან აქტიურად კონტროლდება სახანძრო უსაფრთხოება, რაც ძველ შენობებში განთავსებული სკოლებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ინფრასტრუქტურული ხარჯებია. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, გვიწევს ფასების გაზრდაც", - ამბობს "შავნაბადას" დამფუძნებელი.
ავთანდილ აბდუშელიშვილი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კერძო სკოლების ინდუსტრია იზრდება, თუმცა - მცირედით. "შავნაბადას" დამფუძნებელი ამბობს, რომ მოსწავლეებში კერძო სკოლების წილი მხოლოდ 11%-ია.
"ინდუსტრია ზრდას განაგრძობს, ეს ზრდა არის არაუმეტეს ერთპროცენტიანი. მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ, 2023-2024 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეების წილი, დაახლოებით, 10.5% იყო. წელს 11%-ია. 70 000 მოსწავლე სწავლობდა გასულ სასწავლო წელს კერძო სკოლებში, მანამდე, 2023-2024-ში 65 000. უბრალოდ, ბაზარი იცვლება ამ შემთხვევაში, ხდება სკოლების გამსხვილება, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ბაზარზე შემოსული არის საკმაოდ დიდი საინვესტიციო ორგანიზაცია, ხდება სკოლების გამსხვილება. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ გაიზარდა ბაზარი, ვთქვათ, 5-10%-ით... კერძო სკოლების სეგმენტს უჭირავს სულ რაღაც 10-11%. პანდემიის დროს ეს ციფრი კიდევ უფრო შემცირებული იყო", - ამბობს ავთანდილ აბდუშელიშვილი.




























