მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობის მაჩვენებელი რეკორდული იქნება - ოთარ შამუგია

ხორბალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიას თქმით, წელს ქვეყანაში ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობა რეკორდული იქნება. ამის შესახებ მან ხორბლის მოსავლის აღების პროცესის გაცნობისა და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრისას თქვა.

„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტრო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი - 3 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყანაში შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შეჰქმნიათ; ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესში, რომ ფერმერებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა და ხორბლის აღება-დაბინავება ორგანიზებულად მოხდეს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთარ შამუგია ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის ნათეს ფართობზე იმყოფებოდა, სადაც ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. ფერმერს 700 ჰა-ზე აქვს ხორბალი დათესილი.

ნუგზარ ალუღიშვილმა ერთწლოვანი კულტურების მოყვანისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით სესხის თანხამ 100,000 ლარი შეადგინა. ამავე პროგრამის საშუალებით შეიძინა 4 ერთეული ტრაქტორი, რომლის ფარგლებშიც 563,000 ლარი აგროკრედიტი აიღო.

როგორც ფერმერმა ნუგზარ ალუღიშვილმა განაცხადა, 2023 წელს მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 3 ტონას აღწევდა, წელს კი, 1 ჰა-ზე 4.5 ტონას მიიღებს. აღნიშნული ზრდა სწორმა ტექნოლოგიურმა მიდგომამ და კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები