წელს, ინდივიდუალურად მოგზაურთა რიცხვმა მოიმატა, ჯგუფურმა ტურებმა კი იკლო, - ამის შესახებ ჰოტელიერმა, Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, 2024 წელს გასულ წელთან შედარებით, ტურისტების ზრდის მიმართულებით გაცილებით უკეთესი სურათია, თუმცა მაინც არამკვეთრი.
„იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური ქსელებია, საერთაშორისო დაჯავშნის პროგრამებია და ზოგადად გაციფრულება იმდენად აქტიური გახდა, რომ დიდი პროგნოზი არ სჭირდებოდა, რომ გარკვეული ეტაპის შემდეგ უკვე თავისით, ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად ივლიდნენ ტურისტები და შესაბამისად ჯგუფური ტურიზმის რიცხვი დაიკლებდა. დაახლოებით, ბოლო 70 წელია აღმავალ ხაზზეა ჯგუფური ტურები, მაგრამ ინდივიდუალური ტურიზმის მატება შესამჩნევი შარშან გახდა და წელს უკვე ეს ძალიან შესამჩნევია. მოიმატა ინდივიდუალურად მოგზაურთა რიცხვმა და უფრო იკლო ჯგუფურმა ტურიზმმა.
ასევე აღსანიშნია, რომ ინდივიდუალური ტურისტები შედარებით მაღალბიუჯეტურები არიან და მაღალგადამხდელები. ინდივიდუალურ ტურისტებს უმეტესად არ ენანებათ თანხა და უნდათ კარგ მეღვინეობაში მივიდნენ, მანქანა იქირაონ და ა.შ. სტატისტიკა რომ დაიდება ვნახავთ, რომ 1 ტურისტზე დღიური დანახარჯი გაზრდილი იქნება. რაც შეეხება ჯგუფურ ტურებს, უფრო მასაზე და შედარებით დაბალ ბიუჯეტზეა მორგებული.
რაც შეეხება ფართო სურათს, 2024 წელს 2023 წელზე გაცილებით უკეთესი სურათია, თუმცა არამკვეთრი. 2021-2023 წლებს შორის გაცილებით უფრო მკვეთრი ნიშნები იყო. 2023-2024 წლებს შორის კი ჯერ სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით და ჩემს კოლეგებთან მოკითხვით, მკვეთრი მატება არ გვქონია, პირიქით, თბილისის სასტუმროებს უფრო გაუჭირდათ, ვიდრე რეგიონის სასტუმროებს. ძალიან დიდია ოთახფონდი და ამდენი ტურისტი უბრალოდ არ არის, ამიტომ ძალიან დიდი კონკურენციაა და ეს კონკურენცია არა მარტო სერვისით უნდა გაწიონ, არამედ კონკურენცია უკვე ფასებსაც გულისხმობს. ამიტომ თბილისის სასტუმროებს უფრო მეტად გაუჭირდათ ვიდრე რეგიონის, რადგან რეგიონებში ამხელა კონკურენცია არ არის", - განაცხადა მან.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც უფრო მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში, მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ ინდოეთი და საუდის არაბეთი ერთ-ერთი ლიდერია.
„ინდოეთი, საუდის არაბეთი ერთ-ერთი ლიდერია, ასევე ტაილანდიდან წამოვიდა კარგად ივნისის ჩათვლით. კლება იყო, რუსეთიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან, სავარაუდოდ კლება იქნება პოლონეთიდანაც. კარგი ამბავი ის არის, რომ უკვე დაიძრა დასავლეთ ევროპა, დანია, ჰოლანდია, გერმანია და ფინეთი", - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.