2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 147.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 54 მილიონი დოლარით ნაკლებია. არადა 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.
სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გასულ წელს შემოსავლების ჭრილში შემცირების ტენდენცია კვარტალურ ჭრილში ისედაც ფიქსირდებოდა, შესაბამისად, მიმდინარე წელს ამ შედეგს ისინი ელოდნენ.
Making Science Sweeft-ის კომერციული დირექტორი თემო მაღრაძე ამბობს, რომ წელს ერთეული კომპანიები ზრდას აჩვენებენ, თუმცა სექტორის ჭრილში შემოსავლების მიმართულებით ზრდის ნაცვლად, უფრო მეტად სტაბილურობა შენარჩუნდება.
“ეს იყო ბუმი, როცა 2023 წელს ძალიან გაიზარდა შემოსავლები, შესაბამისად, მოლოდინი გვქონდა, რომ წელს დაიწყებდა ეს დასტაბილურებას, რაც გულისხმობს ოდნავ კლებას. კლება დაახლოებით 25% იყო, რაც ჩვენთვის პროგნოზირებადი იყო. მიმდინარე წელთან მიმართებით ჩვენი პროგნოზი არის სტაბილური, წელს დიდ ზრდას არ ვპროგნოზირებთ.
ჩვენ, როგორც კომპანია ვიზრდებით და ჩვენი პროგნოზები ჩვენთან მიმართებაში არის პოზიტიური, თუმცა, ჩვენი ზრდა შეიძლება არ აისახოს ქვეყნის რიცხვებზე, შესაბამისად, სტაბილურობა არის ჩვენი პროგნოზი, ჩვენ შევინარჩუნებთ ამ დინამიკას.” - ამბობს Making Science Sweeft-ის კომერციული დირექტორი თემო მაღრაძე.