მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს IT სექტორში მხოლოდ 18 კომპანიის დარეგისტრირება მიუთითებს, რომ წინა წლებში ზრდა მიგრაციით იყო გამოწვეული - IDFI

IT სექტორი

2025 წელს, IT სექტორში მხოლოდ 18 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც მიუთითებს, რომ წინა წლებში სექტორის ზრდა უმეტესად მიგრაციული ეფექტით იყო განპირობებული. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ კვლევაში "ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე" წერია.

კვლევის თანახმად, ICT (ინფორმაცია და კომუნიკაცია) სექტორზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაახლოებით მესამედი მოდის, ბოლო წლებში კი სექტორი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად იქცა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირებული 9.2%-იანი ზრდიდან თითქმის მესამედი სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა.

IDFI-ის თანახმად, ICT სექტორის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი მკვეთრ ზრდას 2020 წლის შემდგომ აჩვენებს. ეს ორი ფაქტორით აიხსნება - ერთის მხრივ Covid პანდემიის პერიოდში, ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა, მეორეს მხრივ კი 2022 წლიდან (რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ) ქვეყანაში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვიდა, რომელთა უმეტესობა სწორედ ICT სექტორშია დასაქმებული.

2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ICT სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა გაორმაგდა. სექტორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოების 99% მცირე ზომისაა, და ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის.

შესწავლილი IT კომპანიების ნაწილში, რუსი და ბელარუსი სპეციალისტების საქართველოდან რელოკაციის გამო, მსხვილ IT კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. სწორედ დასაქმებულთა შემცირება სახელდება უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებში IT სფეროს წარმომადგენლებისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების გამარტივების საფუძვლად.

ახალი კანონით საქართველოში IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისათვის 3-წლიანი ბინადრობის მიღება ხდება შესაძლებელი. IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში. კანონპროექტის ინიციატორები ელიან, რომ IT კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 5 წელიწადში, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 6,284- ს გაუტოლდება, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, 24 000-ს.

კვლევაში ასევე წერია, რომ ქვეყანაში მოქმედი IT კომპანიების 56% რუსულია. საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც IT სექტორის წარმომადგენლობისთვის საქართველოს ბინადრობის მიღება მარტივდება, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამარტივების საშუალებად იქცეს.

კვლევაში ასევე წერია, რომ ადგილობრივ ბაზარზე დაბალი რეალიზაციისა და დაწესებული შეღავათების ფონზე, ICT სექტორის ასახვა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფრაგმენტულია. ეს სექტორი საქართველოში შეიძლება ვითარდებოდეს როგორც დასაქმების და ბრუნვის მაჩვენებლებით ძლიერი სექტორი, მაგრამ რეალურად ფისკალური ეფექტი და ადგილობრივი კომერციალიზაცია დაბალია - საკანონმდებლო შეღავათების ბიზნესმოდელის გამო.

"ბოლო წლებში საქართველოს ტექნოლოგიურ სექტორში - IT და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, აშკარა დინამიკური ზრდა შეიმჩნევა. საერთაშორისო კომპანიების საქართველოში შემოსვლა და ადგილობრივი ინოვაციური ბიზნესების გაძლიერება ქმნის მაღალ კონკურენტულ სამუშაო ადგილებს.

თუმცა, სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში რიცხვებით გამოხატული კონტრიბუცია, იმავე მასშტაბით ვერ ახდენს გავლენას ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, უცხოური კომპანიების დომინაცია, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაღალი წილი, არსებული საგადასახადო შეღავათები და ადგილობრივი რეალიზაციის დაბალი დონე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით სექტორის მიერ შექმნილ დოვლათზე.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, IT სექტორის არსებული ეფექტის მიღწევა ძირითადად შესაძლებელი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში IT სპეციალისტების გაზრდილი მიგრაციით.

მიგრაციის ეფექტის მილევის ფონზე, სექტორის ეკონომიკურ ზრდაში არსებული კონტრიბუციის ტემპის შენარჩუნების სურვილი, საქართველოს ხელისუფლებას უჩენს ცდუნებას ცალკეული საგადასახადო (საშემოსავლო შეღავათების გავრცელება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამშრომლებისთვისაც) და ბინადრობის უფლებასთან ( IT სფეროში დასაქმებული პირების ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ზრდა) დაკავშირებული შეღავათების დაწესების, რომელიც პირველ შემთხვევაში კიდევ უფრო ფრაგმენტულს ხდის სექტორის რეალურ ეკონომიკურ ეფექტს, ხოლო მეორე შემთხვევაში მიგრაციიდან მომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს", - წერს IDFI.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები