ბორჯომის რაიონში, კურორტ წაღვერში მდებარე საოჯახო ბიზნესის, „კოტეჯები წაღვერში“ თანადამფუძნებელი, მაკო გაგნიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ეზოს ინფრასტრუქტურისა და გასართობი სივრცეების მოწყობას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, წაღვერში კოტეჯების ბიზნესში უკვე 15 წელია არიან და ჯამში 5 კოტეჯს მოიცავენ, რომლებიც ერთ ეზოშია განთავსებული.
„ამ ბიზნესში უკვე 15 წელია ვართ და უკვე არაერთი ლოიალური მომხმარებელიც გვყავს. კოტეჯებზე დატვირთვა ძირითადად ზაფხულისა და ახალი წლების პერიოდში მოდის. ჩვენი სტუმრები ძირითადად ქართველები არიან. მათ მინიმუმ 10 დღე და მეტი პერიოდის განმავლობაში ვმასპინძლობთ, ხოლო 1 და 2 -დღიან სტუმრებზე ობიექტს არ ვაქირავებთ.
წინა წლებთან შედარებით ფასების ზრდა არ დაგვჭირვებია. ჩვენს კოტეჯში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 80 ლარიდან იწყება და კოტეჯის ტიპსა და ადამიანთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. საერთო ჯამში, კოტეჯებში 35-მდე ადამიანის განთავსება შეგვიძლია და საჭიროების შემთხვევაში საწოლების დამატებაზეც არ გვაქვს პრობლემა.
წელს, ეზოს მოწყობასა და დამატებით გასართობი სივრცეების მოწყობას ვგეგმავთ, რაშიც დაახლოებით 50 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო. ამასთან, ახალი კოტეჯის დამატებაც იგეგმება, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია“,- აცხადებს გაგნიძე.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ზაფხულისთვის წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა და მოლოდინია, რომ ზაფხულში უფრო მეტი ჯავშანი გვექნება.
გაგნიძე ასევე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბიზნესისთვის გამოწვევაა ბანკთან თანამშრომლობა, რადგან ძალიან დიდი პროცენტია გადასახდელი.