ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. „სავსებით შესაძლებელია, Lineate-ის კიდევ ერთი ახალი ოფისი წელს სწორედ დიდ ბრიტანეთში გაიხსნას“, - განაცხადა Lineate-ის ვიცეპრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც 2025 წელიც შეაჯამა.
საქართველოს IT სექტორის 2025 წლის მაჩვენებლებს ეროვნული ბანკი მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, მაგრამ 9 თვის შედეგების მიხედვითაც უკვე ჩანს, რომ შარშანდელი შედეგები 2024 წლისას აღემატება. რაც შეეხება ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგში (ICT) დასაქმებულთა რაოდენობას, საქსტატის თანახმად, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ეს სფერო 55 ათასამდე ადამიანს ასაქმებდა, ზრდაა წინა წელთან შედარებით. გაზრდილია ხელფასებიც - 2025 წლის მეოთხე კვარტალში 4 433 ლარი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება, რაც დაახლოებით, 400 ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებლებს.
- ტექნოლოგიური ინდუსტრია ბოლო წლებში საოცარი ტემპით ვითარდება და სასიხარულოა, რომ ჩვენი მაჩვენებლებიც ამ დინამიკას მიჰყვება. სულ მალე სამი წელი შესრულდება, რაც Lineate საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. 2025 წელი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და პოზიტიური აღმოჩნდა - კომპანიამ ყველა ბაზარზე ორნიშნა ზრდას მიაღწია. მოგეხსენებათ, გარდა საქართველოსი, ვოპერირებთ სომხეთსა და პოლონეთში. ევროპის მიმართულებით ახალ ბაზრებზე გასვლით კი, 2026 წელს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით იმ გამოწვევებისა და ცვლილებების მიმართ, რაც დღეს ინდუსტრიაში არსებობს.
- ევროპის მიმართულებით ახალი ბაზრები რადგან ახსენეთ, შეგიძლიათ, დაგვიკონკრეტოთ რომელ ქვეყნებს გულისხმობთ?
- წლების განმავლობაში ჩვენი კომპანიის ძირითად ბაზარს შეერთებული შტატები წარმოადგენდა. დღესაც აშშ რჩება მთავარ ბაზრად, თუმცა საქართველოში ჩვენი რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბებასთან ერთად, აქტიურად დავიწყეთ ევროპის ბაზარზე გასვლა, რასაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს. შესაბამისად, ბოლო წელიწად-ნახევარია, ამ მიმართულებას საკმაოდ დიდ რესურსსა და დროს ვუთმობთ. პოლონეთში შესვლაც ამ სტრატეგიის ნაწილი იყო, შემდეგი ეტაპი კი წელს უკვე კომპანიის გაძლიერება და სხვა ბაზრებზე დივერსიფიცირებაა, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში. გასულ წელს დიდი დრო დავუთმეთ ამ მიმართულებას. ბრიტანეთს ვხედავთ, როგორც ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ბაზარს იმ მომსახურებისთვის, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, განსაკუთრებით ფინანსურ ინდუსტრიაში - ეგრეთ წოდებულ ფინტექში. ამავდროულად, ბრიტანული ბიზნესგარემო კულტურულად ძალიან ახლოს არის იმასთან, თუ როგორ აწარმოებს ბიზნესს ამერიკული კომპანია. დროის სარტყლის თვალსაზრისითაც საკმაოდ კომფორტულად ვართ. სწორედ ამიტომ დიდ ბრიტანეთზე გვაქვს აღებული აქცენტი; კარგი დასაწყისი გვაქვს და ვფიქრობ, წელს ამ მიმართულებას კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. სავსებით შესაძლებელია, რომ Lineate-ის კიდევ ერთი ახალი ოფისი წელს სწორედ ბრიტანეთში გაიხსნას.
- წარმატებები, აუცილებლად მივადევნებთ თვალს ამ სიახლეებს... ვიცით, რომ Lineate-ი თავის სერვის-პროდუქტს ძირითადად ამერიკულ კომპანიებზე ყიდის (საფინანსო, სამედიცინო ინდუსტრია და ა.შ.). თქვენ შარშანაც საუბრობდით, რომ როდესაც ქვეყანასთან მიმართებით კითხვები და გამოწვევები ჩნდება, ეს კლიენტებზეც ახდენს გავლენას. შენელდა თუ არა კითხვები - შეძელით ინვესტორების დარწმუნება იმაში, რომ მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა, საქართველო ბიზნესი კეთებისთვის უსაფრთხოა?
- ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ კლიენტებთან. მათ დიდ ნაწილთან წლებია ვმუშაობთ, ჩამოყალიბებული გვაქვს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, კარგად იცნობენ ჩვენი საქმის ხარისხს და, შესაბამისად, მათთან მუდმივად ღია საუბარი გვაქვს. შარშან ვახსენე, რომ დიახ, რამდენიმე ახალ კლიენტს ე.წ. Due Diligence-ის (Due Diligence რისკების მართვის ინსტრუმენტია) პროცესში ჰქონდა დამატებითი კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში, რამდენად უსაფრთხოა ურთიერთობა კომპანიასთან, რამდენად დაცულია მონაცემები და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი შიდა პროტოკოლი გვაქვს, რომლებითაც სამუშაო პროცესი და ის ინფორმაცია, რომელსაც კლიენტთან ვცვლით, სრულად დაცულია. 2025 წლის დეკემბერში ვიმყოფებოდი შეერთებულ შტატებში და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად რამდენიმე კლიენტს უშუალოდ შევხვდით. ვიმოგზაურეთ ქვეყნის მასშტაბით და დღესდღეობით, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის კითხვები დღის წესრიგში აღარ დგას.
- ანუ დაარწმუნეთ?
- დიახ, გვქონდა ამაზე საუბარი და ამ ეტაპზე ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს.
- რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს უშუალოდ საქართველოს ოფისთან მიმართებით - რა ტენდენციაა თქვენ სფეროში. როგორც ვხედავთ, ICT სექტორში საშუალო ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - 2025 წლის მეოთხე კვარტალში 4 433 ლარი იყო საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება...
- ის საშუალო ხელფასი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბიზნესის გადმოსახედიდან ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ის რიცხვი, რომელიც საჯაროდ ჩანს. პირველ რიგში, კმაყოფილი ვართ იმით, თუ რა დონის კადრების მოზიდვა შევძელით. ჩვენს ინდუსტრიაში ადამიანების გრძელვადიანად შენარჩუნება მარტივი არ არის, რადგან ხშირი გადაადგილება სექტორის დამახასიათებელი ნიშანია, თუმცა ჩვენს კომპანიაში შიდა კულტურა ტრადიციულად იმდენად ძლიერია, რომ კადრების გადინება ბევრად ნაკლებად პრობლემურია; თანამშრომლებს მაღალი ლოიალობა გააჩნიათ. მაგალითისთვის, თუ სექტორში საშუალოდ ერთი ადამიანი ერთ კომპანიაში 18 თვე მუშაობს, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 3-დან 5 წლამდეა. მეორე ელემენტი, რომელიც გვახარებს: შარშან დავინახეთ ტენდენცია, რომ ბაზარზე გაიზარდა ძალიან გამოცდილი კადრების რაოდენობა, რომელთაც დიდ დასავლურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. მაგალითისთვის, ჩვენი ინჟინერიის გლობალური დირექტორი, რომელიც უშუალოდ პროექტების მართვაშია ჩართული, არის ადამიანი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში კალიფორნიიდან დაწყებული, არაბთა გაერთიანებული საამიროებით დამთავრებული, წამყვან კომპანიებში მუშაობდა - მათ შორის Uber-ის ზრდის პროცესში, Microsoft-სა და Cisco-ში. დღეს ის ჩვენს გუნდს ხელმძღვანელობს. გვქონდა არჩევანი, აგვეყვანა კადრი ამერიკაში თუ საქართველოში და ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს ადამიანი ადგილზე ყოფილიყო. კიდევ ერთი ახალი ელემენტია ის, რომ გარდა ამისა, ჩვენს ინდუსტრიაში ახლა გარკვეულ ტრანსფორმაციას განვიცდით. თქვენ ხელოვნური ინტელექტი ახსენეთ და მართლაც, კითხვა შეიცვალა: თუ ადრე მომხმარებელი გვეკითხებოდა, შეგვიძლია თუ არა კონკრეტული მომსახურების გაწევა (განსაკუთრებით მონაცემთა დამუშავების კუთხით), დღეს საუბარია იმაზე, თუ რამდენად და როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამ სერვისების დანერგვა...




























