"ეფეს საქართველოში“ აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე წელს ლუდის ინდუსტრიის ზრდის ტემპი 2%-ის ფარგლებშია.
კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი კვლავ ადგილობრივ წარმოებას უჭირავს, იმპორტირებული პროდუქციის წილი კი დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია.
„ეკონომიკის ზრდა თავისთავად სასმელების ინდუსტრიაზეც აისახება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლუდის ინდუსტრიაზე. საბოლოო რიცხვები იანვრის ბოლოსთვის გვექნება, თუმცა დღევანდელი შეფასებით დაახლოებით 2%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძალიან კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა კოვიდის შემდგომ პერიოდში.
რაც შეეხება, იმპორტს, ეს მაჩვენებელი 10%-ზე ქვემოთ არის, ძირითადად პრემიუმ სეგმენტში, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს დიდ პრობლემას არ უქმნის. ზოგადად, ლუდი უფრო ადგილობრივი პროდუქციაა, შესაბამისად, იმპორტიც ნაკლებია. რაც შეეხება ექსპორტს, ლუდის ექსპორტი საქართველოდან პროცენტული მაჩვენებლით იზრდება, თუმცა აბსოლუტურ რიცხვებში მაინც დაბალია. ლუდის ინდუსტრია სპეციფიკურია, როგორც წესი, ეს არის ლოკალური ინდუსტრია“, - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ლუდის წარმოება წლიურად 1%-ით იყო გაზრდილი, 127 მილიონ ლიტრამდე.



























