სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტების, სასურსათო მაღაზიების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საკონდიტროებისა და აგრარული ბაზრების კონტროლის შედეგად, მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თითოეულ დარღვევაზე სააგენტომ კანონით გათვალისწინებული ზომები გაატარა.
სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის, იმპორტიორი.
"სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს საცალო ვაჭრობის პუნქტებში სახელმწიფო კონტროლს. ისეთ ობიექტებში, როგორიც არის სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები, კაფე-ბარი, რესტორნები და მათ შორის სურსათის მწარმოებლები. მიმდინარე წელს სურსათის ეტიკეტირების წესის შეუსაბამობა გამოვლინდა 770 შემთხვევაში, თითოეულ შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორს დაევალა, ეტიკეტირების კანონმდებლობასთან შესაბამისად წარდგენა და ამავდროულად დაეკისრა შესაბამისი სანქცია, რაც კანონით არის განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ 350-მდე ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა, რა დროსაც სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან აღკვეთა", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვალერი კვერნაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენის დროს ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას: ვარგისიანობის ვადებს (მიმდინარე წელს, სავაჭრო ქსელებში 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი); ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისგან შრიფტით, ფონით, სტილით ან ფერით); სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებას, საკვებდანამატების და არომატიზატორების შესახებ ინფორმაციას და ა.შ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დატოვოს შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15-01.
"იმისთვის, რომ ვიყოთ ინფორმირებული და გავაკეთოთ სწორი, უსაფრთხო არჩევანი, ამისთვის აუცილებელია გავეცნოთ ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციებს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ენაზე. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ვარგისიანობის ვადას მივაქციოთ ყურადღება, რათა არ მოხდეს ვადაგასული სურსათის შეძენა. ასევე მნიშვნელოვანია, გაყინულ პროდუქტებზე ყურადღება მივაქციოთ გაყინვის თარიღს, ალერგენებს, რომელიც მოცემული არის ეტიკეტზე და გამოყოფილი არის განსხვავებული შრიფტით, ზომით, ფერით. ასევე მნიშვნელოვანი არის შენახვის ვადები, პირობები, კალორიულობა, რომელიც დატანილი არის ეტიკეტზე და მასში ასევე საყურადღებო არის საკვები დანამატები, რომელიც გამოყენებული არის სურსათში ეკოდით", - განმარტავს ალექსანდრე თათარიშვილი, სესის თბილისის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი.
ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში და 2019 წლიდან მოქმედებს.




























