როგორც “კრისტალის” უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, კომპანია 2024 წელს მიკრო ბანკის სტატუსის მოპოვებისთვის ემზადება.
“მიკრო ბანკის ლიცენზიაზე ვართ ორიენტირებულები - ჩვენთვის ძირითადი გეგმა 2024-ში ამაზე მუშაობა იქნება. უკვე შევიტანეთ განაცხადი ეროვნულ ბანკში გასული წლის დასასრულს და მათ გუნდთან ერთად აქტიური მუშაობა მიდის.
ველოდებით, რომ მეორე კვარტალის ბოლოს დასრულდება ეს პროცესი წარმატებით და შემდგომ უკვე წარვდგებით ბაზარზე ახალი პროდუქტებით, რაც მოგვცემს საშუალებას, უკეთესად მოვემსახუროთ მოსახლეობას რეგიონებში, დაწყებული ტრანზაქციული საბანკო პროდუქტებით, ასევე დისტანციური არხებით, რაც ფინანსური ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს ილია რევია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის მიერ მიკრო ბანკების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობა 2022 წლის მეორე ნახევარში დაასრულა. სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ პირველი მიკრო ბანკი საქართველოში უახლოესი თვეების განმავლობაში გამოჩნდებოდა.