„წელს მოსავალი ფაქტობრივად მეოთხედამდე შემცირდა“ - ამის შესახებ „ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერში, „იას მეღვინეობის“ დამფუძნებელმა, ია იმერლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამის მიზეზი უხვი ნალექი გახდა.
„საკმაოდ რთული წელი იყო არამარტო კახეთისთვის, უხვი ნალექი ყველა რეგიონს შეეხო. მართალია ჩვენ ვენახი არ დაგვესეტყვა, თუმცა უხვმა ნალექმა საკმაოდ დიდი შესაძლებლობები შექმნა ბაქტერიებისათვის და მოსავალი ფაქტობრივად მეოთხედამდე შემცირდა.“ - აცხადებს ია იმერლიშვილი.
მისივე თქმით, მეწარმეებმა უნდა გაიაზრონ, რომ გლობალური დათბობა უკვე ხელშესახები გახდა და მათაც საკუთარი ძალებით მეტად იზრუნონ გარემოს დაცვაზე.
„იას მეღვინეობა“ წელს, შარშანდელის მსგავსად, 3 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
„ზრდა ამ ნაწილში ვერ გვექნება, თუმცა ვიზრდებით ხარისხისის და ბაზრების მიმართულებით. წარმადობის ზრდას უკვე მომავალი წლისთვის გადავდებთ.“- აღნიშნავს ია იმერლიშვილი.
„იას მეღვინეობის“ ვენახები წინანდლის მიკროზონაში მდებარეობს და ამ ეტაპისთვის 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს. ესენია: ქვევრის საფერავი, ქვევრის რქაწითელი და ქვევრის მწვანე, ასევე აწარმოებენ ევროპულ მშრალ ღვინოებს, თეთრს და წითელს.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, „იას მეღვინეობის“ ღვინის წარმოების 20-25% ექსპორტზე გერმანიასა და პოლონეთში გადის, სამომავლოდ მესამე საექსპორტო ბაზრად დიდი ბრიტანეთი მოიაზრება.