მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს მოთხოვნა თითქმის გაორმაგებულია - დიორამებისა და მინიატურების მწარმოებელი „ქოხი“

დიორამა

დიორამებისა და მინიატურების მწარმოებელი კომპანია „ქოხი“, რომელიც ქართულ ბაზარზე მეორე წელია ოპერირებს, აცხადებს, რომ 2024 წელს მათ პროდუქციაზე მოთხოვნა გაორმაგდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ეგუტიძემ BM.GE-ს უთხრა, გაყიდვების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე მოდის.

„წელს მოთხოვნა გაორმაგებულია. ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ადგილობრივები არიან, დიდი წილი თბილისზე მოდის. კორექცია არ გამიკეთებია, დიორამების ფასი კვლავ 50 ლარიდან 3,500 ლარამდე მერყეობს. ფასი ნამუშევრის სირთულეზეა დამოკიდებული“, - განმარტა ეგუტიძემ.

მისივე თქმით, ნედლეული სრულად ჩინეთიდან შემოაქვთ, რადგან იქ დიორამებისა და მინიატურების მასალების წარმოება განვითარებულია და ნედლეულის ფასებიც ხელმისაწვდომი.

„საქართველოში შესაბამისი მასალები საერთოდ არ იყიდება. ჩინეთში კი ეს სფერო ძალიან განვითარებულია - მასალა ხარისხიანია და ამავდროულად ბიუჯეტური”, - ამბობს ის.

მეწარმის განცხადებით, ყველა ნამუშევარი ხელნაკეთია და ინდივიდუალურ შეკვეთაზე მზადდება, რის გამოც კომპანიას ონლაინ მაღაზიის შექმნის საჭიროება არ აქვს : „კლიენტები პირდაპირ Facebook-ზე მწერენ, რადგან აუცილებელია, წინასწარ განვიხილოთ ყველა დეტალი - ეს პროცესი ამაზონის ტიპის პლატფორმაზე ვერ იმუშავებს. შესაბამისად, შეკვეთებს მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით ვიღებ“, - ამბობს ეგუტიძე.

„ქოხის“ დამფუძნებელი უახლოეს მომავალში ტრადიციული სტილისგან განსხვავებული, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით განვითარებას გეგმავს და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას აპირებს.

„ახლა ვაგროვებ ნამუშევრებს და მინდა, რომ გამოფენებზე წარვადგინო. ჩემი ერთ-ერთი მთავარი თემა დაკარგული აფხაზეთის სახლების აღდგენაა - ეს დიორამა მხოლოდ დეკორაცია კი არა, ემოციური და ისტორიული მნიშვნელობის ნამუშევარია“, - ამბობს გიორგი ეგუტიძე.

დიორამა სამგანზომილებიანი სრული ზომის, ან მინიატიურული მოდელია, რომელიც შესაძლოა საბრძოლო სცენას, ისტორიულ მოვლენას, ქალაქის ან სოფლის ხედებს ასახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები