ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, წელს, ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტორების მიერ $32 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა - ამის შესახებ ჯუბო ტურაშვილმა ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართულებით რეფორმებს აქტიურად ახორციელებს და უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ის რესურსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. დღეის მდგომარეობით, გაცემულია 25 გენერალური და საქმიანობის 8 ლიცენზია. მიმდინარე წლის განმავლობაში ინვესტორების მიერ [ნავთობისა და გაზის სექტორში] განხორციელდა დაახლოებით 32 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. საორიენტაციოდ 58 ათასი ტონა ნავთობია მოპოვებული. და რაც მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყულევში ჩვენი ნავთობგადამმუშავებელი ტერმინალი შენდება“,- განაცხადა ტურაშვილმა.