მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ნომინალური მშპ 104 მლრდ ლარს გადააჭარბებს - TBC Capital

ხალხი

TBC Capital-ის პროგნოზით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წელს 104 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკური განახლებაში წერია, რომ საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, რაც წინასწარ 6.5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან TBC Capital-ის შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა.

სავარაუდოდ, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა ოქტომბრის 6%-ზე მცირედით მაღალი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ წლიური ზრდა ნორმალიზებას განაგრძობს და 2025 წელს ჯამურად 7.3%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ნომინალურ მშპ-ს, მესამე კვარტალში წლიურმა ზრდამ 11.4% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 12.3%.

"მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ იმედი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება. ამავდროულად, კონფლიქტის დასრულების სცენარი, როგორც ეს ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, 2022 წლიდან საქართველოში გაზრდილი სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ კვლავ რეორიენტაციას მოიაზრებს.

მეორე მხრივ, აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია. ორმხრივი არგუმენტების ერთობლიობითა და ომის დასრულების გაზრდილი ალბათობის შესაბამისად, TBC Capital-ის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4.5%-ს მიაღწევს. რასაკვირველია, მოცემულ პროგნოზზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადები და პირობები, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა აუცილებლად მხედველობაშია მისაღები", - წერია მაკროეკონომიკური განახლებაში.

რაც შეეხება 2025 წელს, როგორც მესამე კვარტალში, ასევე ჯამურად ცხრა თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი კონტრიბუტორები ინფორმაციისა და კომუნიკაციის და განათლების სექტორები იყო. უფრო გრძელვადიან ჭრილში, 2019 წელთან შედარებით, ზრდის ყველაზე მსხვილ კომპონენტებს ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტირება და ვაჭრობა შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები