მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს ობიექტი ჩვეულ რეჟიმში არ გაგვიხსნია" - რესტორანი "რძლები" საქმიანობას აფასებს

რძლები

თერჯოლაში მდებარე რესტორან „რძლების“ თანადამფუძნებლის ქეთო ფუტურიძის ინფორმაციით, კომპანიამ ოპერირების მოდელი შეცვალა და საქმიანობა ტურისტულ სააგენტოებთან პარტნიორობაზე გადაიყვანა. გადაწყვეტილების მიზეზი მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობის შემცირება გახდა.

როგორც რესტორნის მფლობელი BM.GE-სთან ამბობს, ობიექტი, რომელიც ყოველწლიურად სეზონურად იხსნება, წელს ჩვეულ რეჟიმში არ ამოქმედებულა.

"წელს, ძირითადად ვმასპინძლობდით ტურისტულ ჯგუფებს, ევროპული ქვეყნებიდან. სერვისის ღირებულება განსხვავებული იყო, ფასები დაახლოებით 80 ლარიდან 160 ლარამდე მერყეობდა, თავისი ღვინის დეგუსტაციით და ადგილობრივი კერძებით. მათთვის ტარდებოდა კულინარიული მასტერკლასები სხვადასხვა კერძის მომზადებაში", - თქვა მან.

როგორც თანადამფუძნებელი ამბობს, იმის მიუხედავად, რომ წელს რესტორანი არ მუშაობდა, კომპანიისთვის გრანტის მიღება გამოწვევა არ ყოფილა. "რძლებმა" GIZ-ის გრანტი მოიპოვეს, რომლის ფარგლებში შეძლეს სივრცის განვითარება, ინვენტარიზაცია, ტერმინალებით უზრუნველყოფა და ღვინის მაცივრის შეძენა ტემპერატურის კონტროლისთვის. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 13 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ფუტურიძე ამბობს, რომ მომავალ წელს, როგორც კი დათბება რესტორანი “რძლები” კვლავ გაიხსნება : "თავდაპირველად ობიექტი კვირაში რამდენიმე დღე იმუშავებს, ხოლო ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურ რეჟიმზე გადასვლას ვგეგმავთ. ამასთან, სამომავლო გეგმებში შედის ადგილობრივ ქალ ფერმერებთან თანამშრომლობის განახლება და ახალი მეწარმეების ჩართვაც", - აღნიშნა ქეთო ფუტურიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რესტორანი ნაწილობრივ თავად აწარმოებს პროდუქტს, სრულად ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებისთვის ადგილობრივ მომწოდებლებთან თანამშრომლობა აუცილებელია. ასევე, განიხილება ეზოს ინფრასტრუქტურის განვითარება და დამატებითი მაგიდების განთავსება, თუმცა აღნიშნული გეგმები ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა.

ცნობისთვის, რესტორანი "რძლები“ თერჯოლაში 2023 წლის ივლისის თვეში გაიხსნა. რესტორანი სეზონურია და მომხმარებელს გაზაფხული - შემოდგომის ინტერვალში ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები