მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქართული ღვინო 18 ქვეყანაში, 140-მდე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი | 7 თვის სტატისტიკა

ქართული ღვინო
05.08.26 14:27
126

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამართულ 24 საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით მოხდა.

ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებები გაიმართა გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, სლოვენიაში, საბერძნეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელარუსში.

ამავე პერიოდში, მსოფლიოს 11 ქვეყანაში გაიმართა ქართული ღვინის 115 პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ღონისძიებებს გერმანია, ავსტრალია, აშშ, თურქეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდნენ.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ჩატარდა 20 ღონისძიება, მათ შორის - მასტერკლასები, გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები და ფორუმები.

საანგარიშო პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების, სავაჭრო სფეროსა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოში ღვინის 12 ტური გაიმართა.

ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესდა ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ქართული ღვინის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. სააგენტოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები