ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია სულ 402 ათასმა მოქალაქემ წარადგინა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
საგადასახადო კალენდრის მიხედვით, მოქალაქეებმა დეკლარირებული თანხა ბიუჯეტში 2024 წლის 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადონ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დეკლარირებული თანხა 95.5 მილიონ ლარს შეადგენს.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ქონების გადასახადის დეკლარაცია სულ 367 ათასმა პირმა წარადგინა, შესაბამისად წელს გადამხდელების რაოდენობა 9.5%-ით გაიზარდა, ხოლო გადასახდელი თანხის მოცულობა კი 17%-ით არის გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახდელი ქონების გადასახადის საშუალო დეკლარაციის მოცულობა 237 ლარს შეადგენს. გასულ წელს ერთი საშუალო დეკლარაციის ღირებულება 230 ლარს შეადგენდა.
საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.