მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს რაჭაში ყურძნის მოსავალი 80%-ით აღემატება გასული წლისას" - ლევან მეხუზლა

რაჭა

20 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში რეკორდული რაოდენობის, 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა - ზრდა წინა წელთან შედარებით, თითქმის 80%-ია. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა საუბრობს.

"მიმდინარე წელს რაჭაში გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის ყურძენი, რაც თითქმის 80%-ით აღემატება გასული წლის მოსავალს. წელს რაჭაში ყურძენი განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 2025 წლის მოსავლის რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში გადამუშავებული 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძნიდან უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია.

მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, მათ მიერ ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა კი 23,5 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო ღვინის 60 საწარმო.

ღვინის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, გასულ წელს რაჭაში ალექსადრეულ/მუჯურეთულის მოსავალმა 1618 ტონა შეადგინა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს რაჭაში რთველის სუბსიდირების პირობები უცვლელი დარჩა. რეგიონში სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები