მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 13.8 მლნ ტონას მიაღწევს - G&T-ის ახალი პროგნოზი

რკინიგზა

„გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები $245 მლნ-ს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 მლნ ტონას მიაღწევს. თუკი სარკინიგზო კომპანიის მიერ ამ მაჩვენებელზე გასვლა მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეოთხე კვარტალში რკინიგზით 3.5 მლნ ტონა ტვირთის გადატანა მოხდება. საპროგნოზო მაჩვენებელი 1 მლნ ტონით ჩამორჩება 2022 წლის შედეგს. გასულ წელს რკინიგზით 14.8 მლნ ტონა ტვირთის მომსახურება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ 9 თვეში „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2023 წლის 9 თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლიურად 5.9%-ით შემცირდა და 10.3 მლნ ტონა შეადგინა, რაც „გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, ნაწილობრივ გასული წლის მაღალ ბაზას უკავშირდება.

„ჯამური მოცულობის კლება მშრალი ტვირთების 11.4%- იანმა შემცირებამ განაპირობა, რომლის წილიც მთლიანი ტვირთების 63.9%-ს შეადგენს. ამავდროულად, თხევადი ტვირთები (მთლიანის 36.1%) წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და 3.7 მლნ ტონა შეადგინა, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა შემცირება მშრალი ტვირთების ტრანსპორტირებაში“- ნათქვამია G&T -ის ანგარიშში.

რაც შეეხება შემოსავლებს - საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2023 წლის 9 თვეში წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და $184.7 მლნ შეადგინა. ზრდა ძირითადად ლოჯისტიკური სერვისებისა და მგზავრთა გადაყვანით მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა (+28.9% წ/წ და +89.5% წ/წ, შესაბამისად). ამასთან, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ჯამური შემოსავლების 67.5%-ს შეადგენს, წლიურად მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა $124.6 მლნ-მდე.

„გალტ ენდ თაგარტის“ ანალიზით, მნიშვნელოვნად, 30.6%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯებიც ($145.9 მლნ), რაც ძირითადად ხელფასების 39.2%-იან ზრდას უკავშირდება. ხარჯების ზრდამ EBITDA-ს 15.1%-იანი წლიური კლება განაპირობა $62.3 მლნ-მდე 2023 წლის 9 თვეში. შესაბამისად, 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, EBITDA მარჟა 33.7%-მდე შემცირდა, როცა 2022 წლის იმავე პერიოდში 44.5%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები