საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე იზიარებს Fitch Ratings-ის ბანკების განყოფილების უფროსის, არტემ ბეკეტოვის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართულ ბანკებს 2025 წელს კარგი მაჩვენებლები ჰქონდათ.
საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა ქართველი ბანკების საკრედიტო რეიტინგის შეფასებების პერსპექტივა გააუმჯობესა - ეს გადაწყვეტილებები ნოემბერში საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესებას მოჰყვა, რასაც საფუძვლად დაედო საერთაშორისო რეზერვების ზრდა და გარე ლიკვიდობის რისკების შემცირება.
როგორც ალექსანდრე ძნელაძე "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო, არა მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ ბევრი სხვა ინდუსტრიაც, ოპტიმიზმით ელოდება 2026 წელს.
"[Fitch Ratings-ის] ამ შეფასებას აბსოლუტურად ვეთანხმები. შინაარსობრივად საუბარი არის იმაზე, თუ რამდენად მდგრადი იყო ყველა იმ გამოწვევის მიმართ, რაც არა მხოლოდ დღეს, არამედ 2020 წლიდან ყოველწლიურად გვხვდებოდა. ეკონომიკური ზრდა და რეალური მდგრადობა, რაც აჩვენა ეკონომიკამ და ცალკეულმა სექტორებმა, იძლევა საშუალებას, პირდაპირპროპორციულად ვიგულისხმოთ, რომ დღეს არა მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ ცალკეული, დამოუკიდებელი სექტორებიც პრაქტიკულად ოპტიმიზმით ელოდებიან 2026 წელს",- აღნიშნავს ის.
ალექსანდრე ძნელაძემ BMG-სთან საინვესტიციო რეიტინგის მნიშვნელობაზეც საუბრობს. მანვე აღნიშნა, რომ საბანკო სექტორის ზრდის ტემპი 2025 წელს დამაკმაყოფილებელი იყო.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, საკმაოდ დიდი ხანია საქართველო ცდილობს საინვესტიციო რეიტინგი მიიღოს. რეიტინგის უცვლელობა ან გაუმჯობესება, პრაქტიკულად ინვესტორებისთვის არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ სხვადასხვა სექტორს ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის და ეს მიმზიდველობა ყოველთვის აიაფებს იმ რესურსს, რაც შემოდის ქვეყანაში.
შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელმა წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აჩვენა, რომ არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებლები გვაქვს. საბანკო სექტორის ზრდის ტემპი, წინა წელთან შედარებით, უფრო ნაკლები იყო, მაგრამ ის დამაკმაყოფილებელი იყო და პროგნოზირებადიც კი - წლის დასაწყისში ვსაუბრობდით კიდევაც, რომ ეს ზრდის ტემპი იქნებოდა წლევანდელ წელს".
ალექსანდრე ძნელაძემ საბანკო სექტორის მედეგობასა და 2026 წლის მოლოდინებზეც ისაუბრა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ "ოცნების" მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ სასურსათო ფასების კონტროლი დააანონსა, მოვაჭრეები კი ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მაღალ საბანკო განაკვეთს ასახელებენ.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენად გავრცელდება "ოცნების" ეს პოლიტიკა ბანკებზე, თუმცა, ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება.
"ფინანსურ სტაბილურობას და საბანკო სექტორის მედეგობას, არცერთი მიმართულებით, არაფერი უდგას წინ, არცერთ ეტაპზე და არცერთ იმ გამოწვევასთან მიმართებით, რაც დგას ხოლმე დღის წესრიგში.
იცით, პანდემიის პერიოდშიც კი, მოსალოდნელი რისკების აღმოსაფხვრელად, რამხელა შრომა ჩაიდო თითოეული მომხმარებლისთვის, რომ ეს პერიოდი ყოფილიყო ყველაზე მარტივი და შემსუბუქებული. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ შევაფასებდი ამას და, როგორც გითხარით, აუცილებლად ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ [სამომავლოდ]".




























