მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და წარმოების 40%-იან ზრდას ვგეგმავთ - „დადარი“

დადარი

„მიმდინარე წელს, წარმოების დაახლოებით 40%-იან ზრდას ვგეგმავთ“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების მწარმოებელმა საწარმო „დადარის“ დამფუძნებელმა, არჩილ გობეჯიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თებერვალში, გერმანიაში საერთაშორისო სათამაშოების გამოფენა ტარდება, სადაც მოლოდინია, რომ ახალ ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობას დაიწყებენ და საექსპორტო ბაზარებზე 40%-იანი ზრდა ექნებათ.

„ხის სათამაშოებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ გერმანელ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ევროპის მასშტაბით პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ. თუმცა საერთაშორისო გამოფენის შემდეგ, ახალი, ევროპელი პარტნიორების შეძენა და მათთან თანამშრომლობას ვვარაუდობთ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მოგეხსენებათ, მსგავსი პროდუქტი ძვირფასია, ხოლო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არც ისეთი ძლიერია. შესაბამისად, პროდუქციაზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. მართალია ხის სათამაშოები სხვა ტიპის სათამაშოებს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებში, ეკოლოგიური სათამაშოების მიმართ ცნობიერება ძალიან გაზრდილია. შესაბამისად, ცდილობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ ერთი იყიდონ მაგრამ ხარისხიანი, რომ პატარას საფრთხე არ შეუქმნან.

საღებავები გერმანიიდან შემოგვაქვს, ხოლო ხის მასალას ადგილობრივი ბაზრებიდან ვყიდულობთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მხოლოდ სერტიფიცირებული ხის მასალას ვიყენებთ და ბაზარზე შესაბამისი ნედლეული არ არის, გვიწევს იმპორტირებულ ნედლეულზე ფიქრიც, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ვაწარმოოთ“,- აცხადებს გობეჯიშვილი.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე „დადარი“ მხოლოდ საწარმოა და პროდუქციას სხვა კომპანიები ყიდიან. თუმცა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, საწარმო საკუთარი მაღაზიის გახსნას თბილისში, რომელიმე მოლში გეგმავს, სადაც წარმოებული პროდუქცია, "დადარის" ბრენდის ქვეშ გაიყიდება. მაგრამ, ამ ეტაპზე, მაღაზიის ასამუშავებლად საჭირო საინვესტიციო თანხის კალკულაცია არ მომხდარა.

ხის მწარმოებელი ბრენდ „დადარის“ გასულ წელს, პროდუქციის ღირებულების 30%-იანი ზრდა მოუწია, რაც იმპორტირებულ ნედლეულზე ფასების ზრდითა და თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებითაა გამოწვეული.

ინფორმაციისთვის, ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „დადარი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ამ ეტაპზე ორი ფილიალითაა წარმოდგენილი. ძირითადი ფილიალი თბილისში მდებარეობს, ხოლო მეორე ფილიალი, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნება, ზუგდიდშია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები