მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 852 მოქალაქე გააძევეს

უწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს. ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვეში კი - 852 უცხოელი.

უწყების ცნობით, სექტემბრის თვეში, ქვეყნიდან გააძევეს: რუსეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, ნიგერიის, კამერუნის, სუდანის, ბანგლადეშის, იორდანიის, მიანმარის, ნეპალის, სირიის, აზერბაიჯანისა და ეთიოპიის მოქალაქეები.

"მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 852 მოქალაქის გაძევება მოხდა საქართველოდან, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება 2022-2023-2024 წლებში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძალაში შედის ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.

დაიხვეწა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და გაძევების პროცედურები. ცვლილებები, ასევე, შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ჯარიმა შესაძლებელია განისაზღვროს 1000-დან 3000 ლარამდე. ჯარიმის პარალელურად, გაძევებულ პირებს დაუწესდებათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადებიც.

განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს და ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას", - აცხადებენ შსს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები