საქართველოში წელს, 3 თვეში ნატურალური წვენების ექსპორტი მცირედით შემცირდა, ხოლო შემოსავალი გაიზარდა.ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ნატურალური წვენის ფასი საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველომ 2025 წლის პირველ 3 თვეში 4,812 ტონა ნატურალური წვენი გაყიდა, საიდანაც $8,7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ როდესაც, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს $7,7 მლნ-ის 4,864 ტონა ნატურალური წვენი ჰქონდა გაყიდული.
მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს მართალია ექსპორტი 1%-ით შეუმცირდა, თუმცა წელს, 3 თვეში მიღებული შემოსავალი 12.7%-იან ზრდას აჩვენებს.
წელს ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი გერმანიაა. ამ ბაზარზე 3 თვეში $5,2 მლნ-ის ღირებულების 2,366 ტონა ნატურალური წვენი გავყიდეთ. აღსანიშნავია, რომ მთლიან ნატურალური წვენების ექსპორტში გერმანიის ბაზარი 49.1%-ს შეადგენს.
საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025/3 თვე):
- გერმანია - $5,2 მლნ, 2,366 ტონა;
- აშშ - $1,2 მლნ, 881 ტონა;
- ისრაელი - $338 ათასი, 286 ტონა;
- აზერბაიჯანი - $176 ათასი, 215 ტონა;
- ავსტრალია - $ 235 ათასი, 189 ტონა;
- საბერძნეთი - $231 ათასი, 181 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $229 ათასი, 126 ტონა;
- იაპონია - $461 ათასი, 125 ტონა;
- სომხეთი - $105 ათასი, 114 ტონა;
- რუსეთი - $85 ათასი, 71 ტონა.
აქვე საგულისხმოა, რომ რუსეთი, გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში მე-4 ადგილს იკავებდა, თუმცა წელს სურათი შეცვლილია და ამ ბაზარმა მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.
სწორედ ექსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი აქტიური ბიზნესი ორგანული წვენების საწარმო Georgias Natural არის, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 6,9 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 საგრანტო თანადაფინანსება. საწარმოში, სადაც წელიწადში 3,000 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული გადამუშავდება, მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, ასევე ექსპორტზე მსოფლიოს 40 ქვეყანაში გადის.




























