“საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაზრდილია.
“საქაერონავიგაცია” იანვარ-ივნისში, 132 299 ფრენას მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. ეს მოიცავს როგორც საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის, ასევე საქართველოს საჰაერო სივრცის ტრანზიტულად გამოყენების რაოდენობას.
წლის პირველ ნახევარში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 103 576 ტრანზიტული ფრენა, რაც 32%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, 31%-ით გაიზარდა საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის რაოდენობა და 6 828 შეადგინა. კერძოდ, თბილისში შესრულებული აფრენა-დაფრენის რაოდენობა 38%-ით, ბათუმში 26%-ით, ხოლო ქუთაისში 12%-ით გაიზარდა.
“საქაერონავიგაციის” დირექტორი ამბობს, რომ საჰაერო სივრცის დატვირთვის მატება გამოწვევაა, თუმცა მომზადებული შეხვდნენ.
„საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვის ასეთი მატება საქაერონავიგაციისთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ საჰაერო ნაკადების დაბრუნებას და მატებას, სრულად მომზადებული შევხვდით. გასულ წლებში ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ: დავნერგეთ უსაფრთხო ფრენებისთვის საჭირო არაერთი სისტემა, კიდევ უფრო განვავითარეთ ინფრასტრუქტურა, გადავამზადეთ თანამშრომლები და ყოველწლიურად ვიმატებთ ახალ კადრებს, რომლებსაც ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ვასწავლით ავიამეთვალყურის პროფესიას. უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესებას ასევე განაპირობებს საქაერონავიგაციის მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი საჰაერო მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიები, საერთაშორისო სტანდარტების სერვისი და დაბალი ტარიფები, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ“, - აცხადებს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.
“საქაერონავიგაციაში” ზრდის მიზეზებს შორის ასახელებ Covid პანდემიის შემდეგ ფრენების განახლებას, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გამო ავიაკომპანიების მარშრუტის ცვლილებას.
"საქაერონავიგაციის" თანახმად, გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება საჰაერო ნაკადების და ფრენების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა მათივე ინფორმაციით, არსებული მატების ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.