2024 წელს თხილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო 23 844 075 ლარს გამოყოფს. საკანონმდებლო მაცნეზე საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლითაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილებები შედის.
კერძოდ, დადგენილების II მუხლი შემდეგი სახით ყალიბდება: „ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს 2022 – 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 48 612 000 (ორმოცდარვა მილიონ ექვსას თორმეტი ათასი) ლარის გამოყოფა“.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მაისში ამავე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი 23 980 000 ლარამდე გაიზარდა. თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 20 935 000 ლარი იყო. მიმდინარე ცვლილებით კი 2022-2024 წლებში პროგრამის ჯამურ ბიუჯეტს 24 მილიონ 632 ათას ლარი დაემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში BM.GE-ს განუმარტეს, რომ წელს ბიუჯეტი 23 844 075 ლარი იქნება, დანარჩენი თანხა კი რაც თხილის სუბსიდირების ჯამურ ბიუჯეტში წელს აისახა და 788 ათას ლარამდეა 2023 წლის ადმინისტრაციული ხარჯია.