მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ტურისტულ ობიექტს "მწვანე სახლი ცემში" კოტეჯი დაემატა - როგორია ობიექტის გეგმები?

მწვანე სახლი

წელს ტურისტულ ობიექტს "მწვანე სახლი ცემში" კოტეჯი დაემატა - ამის შესახებ BM.GE-სთან საოჯახო ბიზნესის თანადამფუძნებელმა, ლელი შევჩენკომ განაცხადა.

საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც ცემში მდებარეობს, ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. წინაპრების დანატოვარი ხის სახლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, სივრცე საოჯახო ტიპის დასასვენებელ ობიექტად გადაკეთდა და სტუმრების მიღება დაიწყო. წელს კი, განთავსების ობიექტს ახალი კოტეჯი დაემატა, რომელშიც სტუმრების მიღება უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

საოჯახო ტიპის სასტუმროს თანადამფუძნებლის, ლელი შევჩენკოს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ცემი თავისი უნიკალური კლიმატით გამოირჩევა, ხშირად მომხმარებლები ექიმების რეკომენდაციებითაც სტუმრობენ. მათი სეგმენტი, ძირითადად ოჯახური ტიპის დასვენებით დაინტერესებული, ან რესპირატორული დაავადებების გადატანილი ადამიანები არიან.

„ხის სახლი, რომელიც ბებია-ბაბუამ დაგვიტოვა 2 სართულიანია და მისი რესტავრაციისთვის 30000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. სახლს სართულებად ვაქირავებთ. თითო სართულზე 2 ოთახია, თავისი მისაღებით და სამზარეულოთი უზრუნველყოფილი და 8-10 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. წელს, კოტეჯი დავამატეთ, რომელშიც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ხოლო, სასტუმროსთან და კოტეჯთან ერთად, ჯამში 25 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია.

კოტეჯის ასაშენებლად, ბიუჯეტირებისას, 1 კვ.მ-ზე 10000 დოლარი უნდა დაგვეხარჯა. იქიდან გამომდინარე, რომ კოტეჯი 40 კვ.მ-ია, ჯამში 40000 დოლარის ინვესტირება გვჭირდებოდა. ამიტომ, ჩვენი რესურსებითა და ადგილობრივი მუშახელის დახმარებით, თანხები მნიშვნელოვნად დავზოგეთ და 40000 დოლარის ნაცვლად, კოტეჯის აშენება, თავისი აღჭურვილობით, 20000-25000 დოლარი დაგვიჯდა.

რაც შეეხება სტუმრებს, ძირითადად ადგილობრივ სტუმრებს ვმასპინძლობთ, თუმცა გვსტუმრობენ ირანულ-აზერბაიჯანული წარმოშობის სტუმრებიც. ადგილმდებარეობა ძალიან კარგია, რადგან იმისდა მიუხედავად, რომ ობიექტი სრულად მწვანე ზონაშია აშენებული, ტრანსპორტი, ადგილობრივი მაღაზიები თუ გასართობი ზონა, პრობლემას არ წარმოადგენს რის გამოც, ობიექტი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ცემში ზოგადად განთავსების ღირებულება 40 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე მერყეობს. თუმცა, თავად "მწვანე სახლი ცემშის" ერთი სართულის ღირებულება 90 ლარიდან იწყება, ხოლო კოტეჯში განთავსების ღირებულება, რომელიც 6 ადამიანზეა გათვლილი, 150 ლარი ღირს. კვება არ გვაქვს, თუმცა ადგილზე ყველა საჭირო ტექნიკა თუ ატრიბუტია, რაც მომხმარებლის კომფორტს უზრუნველყოფს“,- აცხადებს საოჯახო ტიპის სასტუმროს დამფუძნებელი.

მისივე შეფასებით, მოთხოვნა ძალიან მაღალია და აგვისტოს 20 რიცხვამდე 100%-ით დაჯავშნილები არიან.

შევჩენკო ჩვენთან სამომავლო, 5 წლიანი პროექტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უახლოეს 5 წელიწადში არსებული სივრცის გაფართოება იგეგმება, კერძოდ ტყე-პარკის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო ქსელის გაფართოება. ამასთან, თანადამფუძნებელი მიწის ნაკვეთს ქვედა ცემის ტერიტორიაზე ფლობს, რომლის სრულად ათვისება და კოტეჯების ჩადგმა იგეგმება, რადგან იმ ტერიტორიაზე ძირითადად ახალგაზრდები ისვენებენ. თუმცა, აღნიშნული გეგმები დამუშავების პროცესშია და პროექტის განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები