Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირება თურქეთში ფასების კლებას უკავშირდება, რის გამოც ექსპორტიორების მხრიდან დენის გაყიდვის ინტერესი ნაკლები იყო.
2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 41%-ით 0.4 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. ექსპორტის სეზონი მაისის თვეში დაიწყო და სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წელს თითქმის განახევრდა (44%-იანი კლება წლიურად) და 19.2 მლნ დოლარი შეადგინა. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექპორტო ფასის შემცირებას. ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით კვტ.სთ-ზე 4.3 ცენტამდე შემცირდა.
მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია 82%-იანი წილით. Galt & Taggart-ის ცნობით, თურქეთის მიმართულებით ტოპ-3 ექსპორტიორი "ბუქაფ სოლუშენზი", "საქართველო ურბან ენერჯი" და "აჭარა ენერჯი 2007" იყვნენ. სომხეთის მიმართულებით კი ძირითადი ექსპორტიორი "ქროს ბორდერ ტრეიდინგი" იყო.
რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 117%-ით გაიზარდა 1 ტვტ.სთ-მდე. იმპორტირებულ ელექტროენერგიის 79% რუსეთიდან განხორციელდა, რომლის 59% აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევრში იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ 25.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 2.6 აშშ ცენტია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.




























